EastFruit-ის ანალიტიკოსები საქართველოში იმპორტირებულ საზამთროზე ყველაზე მეტ მოთხოვნას მიმდინარე წლის წინასასეზონო პერიოდში აღნიშნავენ. სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადრეული იმპორტი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.
მიმდინარე წლის მაისში, საზამთროს იმპორტი გასული წლის მონაცემებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითი იყო, თუმცა ივნისის იმპორტმა უფრო მაღალი ციფრი – 8,5 ათასი ტონა აჩვენა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ბოლო 8 წლის ამავე პერიოდის მონაცემები.
იმპორტის ღირებულება 2021 წლის ივნისთან შედარებით გასამმაგდა – მიმდინარე წელს ქართველმა იმპორტიორებმა საზამთროს მოცულობაში 12%-ით მეტი – 1,6 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ივნისში იმპორტირებული საზამთროს 98% თურქეთიდან შემოვიდა. აპრილ-ივნისის პერიოდში იმპორტის მოცულობა 11 ათასი ტონაა. აქ ირანს 20%-იანი წილი აქვს, დანარჩენი კი თურქეთზე მოდის.
იმპორტის ფანჯარა იხურება მაშინ, როცა ქართული საზამთროს მოსავლის მიღება იწყება. ჩვეულებისამებრ, სეზონის მაღალი იმპორტი დაბალ ფასებს იწვევს. როდესაც ბაზარი პროდუქტით არის გაჯერებული, ადგილობრივი გლეხი ზარალდება. EastFruit-ის მონიტორინგის მიხედვით, 15 ივლისის მდგომარეობით, ფერმერები 1 კილოგრამ საზამთროს საშუალოდ 0,33 ლარად ყიდიან, ეს კი იგივე ფასია, რაც წინა წელს იყო.
წინასასეზონო იმპორტის ზრდის ტენდენცია საქართველოში საცალო ქსელების განვითარებას უკავშირდება. მსხვილი ქსელები, როგორც წესი, ცდილობენ თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ მრავალფეროვანი ასორტიმენტი წლის ნებისმიერ დროს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2022 წელს უცხოელი ვიზიტორების სიმრავლე, ისევე როგორც ქართული ლარის გამყარება. 2014 წლიდან მოყოლებული, წინასასეზონო იმპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 1,1 ათასი ტონით იზრდება.