გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, მოსავლის დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე.
განსაკუთრებულად აღინიშნა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერისა და მთლიანად დარგის განვითარების მიმართულებით.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ეფექტიან მართვას, ტექნიკური რესურსების მობილიზებასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ რეაგირებას. მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა“, – განაცხადა კახა კაკაბაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული დაახლოებით 250 კომბაინი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შესყიდული. ფერმერთა ტექნიკური ხელშეწყობა და დარგის მოდერნიზაცია წარმოადგენს სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.