დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროს ეწვია და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტართან, ირაკლი შიოლაშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და რეგიონის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
დედოფლისწყაროში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღებას შპს ,,მექანიზატორი“ ახორციელებს. კახეთის რეგიონში ალოობის პროცესს 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი უზრუნველყოფს, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში -49 კომბაინია მობილიზებული. მოსავლის აღებაში ჩართულია ბელარუსული წარმოების ახალი კომბაინებიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ წელს შეიძინა.
„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსავლიანობა რეკორდულ მჩვენებელს აღწევს.