გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 48 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 18, აჭარაში – 11, შიდა ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 6, გურიაში კი, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.