Home დღის ამბები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უწყებაში მიხეილ ჩხენკელის ადგილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

განათლების ახალი მინისტრი პრემიერმა საზოგადოებას დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.

„გიორგი ამილახვარი წარმატებული ადამიანია. მას ღირსეული განათლება აქვს მიღებული აშშ-სა და გერმანიაში. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. ის გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ის წლებია ჩართულია განათლების სფეროში და კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ იმ გამოწვევებს, რომელიც განათლების სისტემაში ჯერ კიდევ რჩება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი. მას ძალიან კარგი ხედვა აქვს. ჩვენ ბევრი გვისაუბრია განათლების საკითხებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში და მან კარგად იცის როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ვფიქრობ, ბატონი გიორგი წარმატებული მინისტრი იქნება. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები. ამასთან გიორგი ამილახვარს ბევრი სამეცნიერო ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული. მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი ამილახვარს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავარა; 2016 წელს კი კვლევითი სტაჟირება გერმანიაში მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში გაიარა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ამილახვარი:

• 2018 – 2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა;
• 2010 – 2020 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი იყო, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
• 2008 – 2010 წლებში ლიტვურ საინვესტიციო კომპანიაში შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი იყო;
• 2007 – 2008 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო.