ხელოვნების ისტორიაში ასეთი ტერმინი არსებობს “Non Finito” – დაუსრულებლობის პრობლემა: მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში.
თქვენ წარმოიდგინეთ, მიქელანჯელომ თავისი შედევრი ,,პიეტა’’ (ქრისტეს დატირება) 25 წლისამ შექმნა. ყველამ ვიცით, რომ ეს ნამუშევარი მსოფლიო ღირებულების ქანდაკებაა. იმაზეც აღარ შევაჩერებ ყურადღებას, რომ უფლის თანადგომით არის ჩამოძერწილი.
საქმე ისაა, რომ მიქელანჯელომ მეორე პიეტა სიცოცხლის მიწურულსაც შექმნა, დაუმუშავებელ მარმარილოში მხოლოდ მინიშნებები ჩადო, მაგრამ ამ გაურანდავ ქმნილებაშიც უფლის ხელი ატყვია.
იმხელა სულია, აგეტირება!
დიდმა მაესტრომ სწორედ მაყურებელსა და მნახველს დაუტოვა შესაძლებლობა, თავისი ფიქრით დაესრულებინა ნამუშევარი, – არა მზამზარეულის აღქმა, არამედ წარმოსახვითი დასრულება ამ მისტერიის.
ხელოვნების გაკვეთილებიც ალბათ ასეა, – მოსწავლეს უნდა დაუტოვო ფიქრის ადგილი!
წიგნი იქნება ეს, მუსიკალური ნაწარმოები თუ სახვითი ხელოვნების შედევრი, მისი ნახვის, მოსმენის ან წაკითხვის მერე, მოსწავლემ უნდა იფიქროს იმაზე,
რომ კაცობრიობა სიყვარულზე დგას, ადამიანის მიერ ადამიანის მიმართ ხელის შეშველებაზე დგას და
დამერწმუნეთ,
მთელი ხელოვნების ისტორიაც, ბერძნებიდან, შუმერებიდან თუ ეგვიპტელებიდან მოყოლებული სწორედ ამ მრწამსზე დგას.
სილამაზე კი ინდივიდუალურად აღიქმება.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის რანგში, ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ხელოვნების ანი და ბანი შევასწავლო, გემოვნება ჩამოვუყალიბო, რათა დღევანდელ მასკულტურასა და კიჩის ხანაში მათ სწორად აღიქვან ხელოვნების ნაწარმოები, სასარგებლოდ შემოაბრუნონ და დაიტოვონ ღირებული.
ღირებული კი დღეს რა არის? – ის რაც მოზარდს შეეხიდება მომავალში, მიაბრუნებს სიყვარულისკენ, თანადგომისკენ და ურთიერთდაფასებისკენ.
დღევანდელ სამყაროში მოზარდისათვის ყველაზე რთულია გზის გაკვალვა.
და იქნებ სწორედ რომელიმე მუსიკალურმა, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებმა თუ თეატრალურმა ნამუშევარმა შეუქმნას ბავშვს პირობა, რომ ამდენი კაცთაკვლა, საზოგადოების გახლეჩვა, ზიზღი და გულგრილობა აღარ შემოხვდეს გზად.
მასწავლებელი ყველანაირად შემდგარი უნდა იყოს, მობილიზებული.
ძალიან კარგია, როცა მოსწავლე გეუბნება: მასწ, თქვენნაირი კალამი მაქვს,
უკვე თქვენნაირი კალიგრაფიით გამომდის ასოები, ტექსტი.
მასწ, შეიძლება საღამოს დაგირეკოთ და ფილმი ჩამიგდოთ?
რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება სიყვარულით, მაგრამ ყველაზე მთავარი და დიდი სიყვარული ოჯახია, საიდანაც შენთან მოდის ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე სასიამოვნო თავსატეხი – თანამედროვე ბავშვი.
წყარო , მეტი სიახლე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ :
ნოდარ პაპუაშვილი, ჩემი ევროპული სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი