მე ვარ კახი გიგაური, 28 წლის, ახმეტიდან. ვმუშაობ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერად.
სკოლის დამთავრების შემდეგ ალბათ რთულად წარმოვიდგენდი თუ ახმეტაში დავბრუნდებოდი საცხოვრებლად. რამოდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ მთავარი, რაც მინდა ცხოვრებაში ვაკეთო არის მუშაობა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ახმეტელ ახალგაზრდებთან. 2013 წლიდან დავიწყე ტრენინგების ჩატარება ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამაში „ახალგაზრდული იდეა“, საიდანც მივხვდი, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. 2019 წლამდე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის ვატარებდი ტრენინგებს და სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა ჩემი საქმიანობა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო „მომავლის ბანაკი“, სადაც 2 000-მდე ახალგაზრდასთან მქონდა შეხება პროექტის მიდინარეობისას.
2019 წლიდან უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ახმეტაში უნდა დავბრუნებულიყავი და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება დავიწყე. ვეძებდი გზას, თუ როგორ შეიძლებოდა განმეხორციელებინა ჩემი გეგმა და სწორედ ამ დროს, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა KRDF გამოაცხადა მოხალისის ვაკანსია. 7 წლიანი სამუშაო სტაჟის შემდეგ, მარტივი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დავტოვე ყველაფერი თბილისში და წამოვედი ახმეტაში.
ფონდში მუშაობამ ჩემთვის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომლის პიროვნული და პროფესიული მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მაქვს. ძალიან გავიზარდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ფონდისა და იქ მომუშავე საოცარი ადამიანების დამსახურებაა.
მთავარი გამოწვევა ჩემთვის არის ჩემი ასაკის, ზრდასრული ახალგაზრდების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ახმეტაში კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა უნდა არსებობდეს ახალგაზრდებისთვის, რომ დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მუნიციპალიტეტს მოახმარონ.
მთავარი მოტივაცია კი არის ჩემი დამოკიდებულება და ძალიან დიდი სიყვარული ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ხალხის მიმართ, ვინც ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და თუ ჩემი საქმიანობა მცირედით მაინც შეიტანს წვლილს ჩვენი მხარის განვითარებაში მთავარი წარმატება ჩემთვის ეს იქნება.