Home დღის ამბები გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ახალბედა ამომრჩევლებისთვის საგრანტო პროექტს აცხადებს

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ახალბედა ამომრჩევლებისთვის საგრანტო პროექტს აცხადებს

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, იწვევს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს საგრანტო პროგრამაში ახალბედა ამომრჩევლების ცნობიერების გაზრდა თანასწორი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო პროგრამას ახორციელებს საკომუნიკაციო სააგენტო Action Global Communications, საარჩევნო სისტემისა და გენდერის საკითხების ექსპერტებთან ერთად. პროექტის მიზანია, გაზარდოს პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა, დემოკრატიული არჩევნებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცოდნის მიწოდების გზით. მონაწილე ახალგაზრდები თავად გახდებიან რეგიონში ინფორმაციის გამავრცელებლები და შესაძლებლობა ექებათ, მიიღონ 3,000 ლარის ოდენობის გრანტები თანასწორი პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გასახორციელებლად.

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ გამოწვევად. ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში გამოწვეულია, ერთი მხრივ, კულტურული და შიდაპარტიული ბარიერებით, მეორე მხრივ კი – ამომრჩევლების დაბალი საარჩევნო ცნობიერებითა და გავრცელებული სტეროტიპებით, იმის შესახებ, რომ, თითქოს, პოლიტიკა კაცის საქმეა და ის ნაკლებადაა ორიენტირებული სოციალურ საკითხებსა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.

პროგრამა მოიცავს ორდღიან ონლაინ სემინარს შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ შეუძლია მოქალაქეს, ხელი შუწყოს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს: საქართველოს საარჩევნო სისტემები, დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები და გამჭვირვალე არჩევნები;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები პოლიტიკაში მოსვლის პროცესში;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა და კამპანიების მართვა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით.

მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ვორქშოფს, შეხვდნენ ქალ კანდიდატებს, შეიტყონ მეტი არსებული გენდერული ბარიერების შესახებ და დეტალურად გაეცნონ მათ პოლიტიკურ ხედვებს სხვადასხვა სოციალურ თუ ახალგაზრდობისთვის საინტერესო საკითხზე. ამასთან, ახალგაზრდები დაესწრებიან იდეების განვითარების ინტერაქციულ სესიას ინოვაციური Design Thinking-ის მეთოდის გამოყენებით, რაც მათ საგრანტო პროექტების შექმნაში დაეხმარება.

ტრენინგებსა და პრაქტიკულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მონაწილე ინდივიდებსა თუ ჯგუფებს საშუალება აქვთ, მიიღონ 3000 ლარის ოდენობის დაფინანსება კამპანიური ხასიათის პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად დაისახავს ამომრჩევლებში მოთხოვნის გაზრდას ქალ პოლიტიკოსებზე, მათ განსხვავებულ ხედვებსა და ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე დაყრდნობით.

ჯამში გაიცემა 10 მცირე გრანტი — 5 სამეგრელოსა და 5 კახეთის რეგიონისთვის.

რეგისტრაცია საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარეობს 8 სექტემბრამდე. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ აღნიშნულ ბმულზე