გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში (UN Georgia) პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას ეხმიანება და წუხილს გამოთქვამს.
ორგანიზაციის განცხადებით, კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება დააბრკოლოს.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად”,- აღნიშნულია განცხადებაში.