Home დღის ამბები “ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის”

“ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად მზად ზაფხულისთვის იქნება.

როგორც მან  აღნიშნა, ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში, ამ გადმოსახედიდან, არ იარსებებს.

„ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა, ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით, 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. ზაფხულის პერიოდი, რატომაც მთავრობამ ბაზრის გახსნის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, არის საუკეთესო პერიოდი ბაზრის გახსნისთვის და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და სწორი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მარეგულირებელმა კომისიამ ის დროებითი ტარიფები, რომელიც არსებობდა ბაზრის გახსნამდე, გავაგრძელეთ და ტარიფები რჩება უცვლელი. ეს ტარიფები იმოქმედებს ბაზრის გახსნამდე, თუმცა როცა ბაზრის გახსნის დროსაც დავადგენთ ამ ტარიფებს, ამ მოცემულობით, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდა არ იქნება. ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფების ზრდა არც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზეა მოსალოდნელი.

„ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა“, – განაცხადა ნარმანიამ.