Home დღის ამბები ეკონომიკა ბრიტანეთში ღვინო ძვირდება – რა ოდენობის ალკოჰოლურ სასმელს ყიდის საქართველო გაერთიანებულ სამეფოში

ბრიტანეთში ღვინო ძვირდება – რა ოდენობის ალკოჰოლურ სასმელს ყიდის საქართველო გაერთიანებულ სამეფოში

დიდ ბრიტანეთში ღვინის, მათ შორის, წითელი ღვინის ფასები გაიზრდება. ამის შესახებ უკვე დაიწყეს საუბარი მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა.

საქმე იმაშია, რომ მინისტრებმა გააუქმეს გეგმები, რომელიც მიზნად ისახავდა საგადასახადო განაკვეთების გაყინვას ალკოჰოლზე ტარიფების გადახედვის წინ, რაც სასმელებს უფრო მეტად დაბეგრავს.

გაერთიანებული სამეფოს ხაზინამ წინა თვეში მინი-ბიუჯეტის გეგმაში დააანონსა, რომ გადაიხედებოდა გადასახადების წესები, რის გამოც 2023 წლიდან თითქმის ყველა ტიპის ღვინის ფასი გაიზრდება.

ახალმა კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა, თავის მხრივ, გააუქმა გეგმა, რომელსაც უნდა დაეცვა ალკოჰოლური სასმელები მაღალი ინფლაციის შედეგად ფასის ზრდისგან. ჰანტის ცვლილება მიზნად ისახავს 600 მლნ სტერლინგის დაზოგვას საზოგადოებრივი ფულადი ფონდისთვის.

გადასახადების გაყინვის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ღვინო ბრიტანეთში ჯერ მომავალი წლის თებერვალში, შემდეგ კი აგვისტოში გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად.

რაც შეეხება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობას, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.35 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.53 მლნ აშშ დოლარზე, 13.2 %-ით ნაკლებია.

მიუხედავად წლევანდელი კლებისა, ბოლო რამდენიმე წელია ბრიტანეთში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს წილი მთლიან ექსპორტში მაინც მწირია და მიმდინარე წელს 0.89% შეადგინა.

ცნობისთვის, 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან სულ 173.3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, 166.8 მლნ აშშ დოლარს, 3.9%-ით აღემატება.