„აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით ქვეყანა საწყის ეტაპზეა“,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით უფრო აქტიური ღვინის სეგმენტია, თუმცა, ბოლო პერიოდში მიმდინარეობა farm to table წამოვიდა და საქართველოში ასეთი რამდენიმე ლოკაცია უკვე არსებობს.
„ვიტყოდი, რომ აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით ქვეყანა საწყის ეტაპზეა. რა თქმა უნდა, მწირი ტურისტული პროდუქტები გვაქვს ამ კუთხით, თუმცა, უკვე არსებობს და არის კონკრეტული ადგილები, სადაც ტურისტებს, ინტერესის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩასვლა და ამ გამოცდილების მიღება.
აქ ძირითადად უფრო გამოვყოფდი ღვინის ტურიზმს და არსებულ ვენახებს, მოსავლის აღებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. სხვა პროდუქტები უფრო ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე ღვინო. თუმცა ბოლო პერიოდში ასეთ მიმდინარეობა წამოვიდა, farm to table-ს უწოდებენ, მაგალითად, კახეთში რამდენიმე ლოკაცია უკვე არის. მოსავალს იღებენ, იქვე უმასპინძლდებიან, სარესტორნო მომსახურებას უწევენ და ა.შ. ესეც ერთგვარი აგროტურისტული მიმართულებაა.
ასევე, არის ადგილები, სადაც მოსავლის აღებაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ან თუნდაც დაკვირვების პროცესში ჩართვა და გამოცდილების მიღება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში წინ წამოიწია აგროტურიზმაა და დაინტერესება წამოვიდა“,- აღნიშნავს მაია სიდამონიძე.
იმისათვის, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ფერმერებს მეტი სტიმული მისცეს, რათა საკუთარი საქმიანობა ტურისტიული მიმართულებითაც განავითარონ, მაია სიდამონიძე ამბობს:
„ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მოთხოვნის სტიმულირება. ანუ, მაქსიმალურად ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება. მეორე მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე ისეთი ბიზნეს გარემო უნდა შექმნან, რომ მათ გაუადვილდეთ მსგავსი ტურისტული პროდუქტების განვითარება. ეს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ აგრობიზნესის განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქნება“,- ამბობს მაია სიდამონიძე.