Home დღის ამბები „ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა“ – რა დაგიჯდებათ ზღვისპირა...

„ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა“ – რა დაგიჯდებათ ზღვისპირა საოჯახო სასტუმროებში დასვენება

საქართველოში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, შავი ზღვისპირეთში იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა.

მოიმატა თუ არა ფასებმა შარშანდელთან შედარებით, შეიმჩნევა თუ არა ზღვისპირა ქალაქებში ტურისტების სიმრავლე და რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს ჯავშნები?

როგორც ქობულეთის საოჯახო სასტუმროს, „თეთრი სასტუმროს“ წარმომადგენელმა განაცხადა, მათი სასტუმრო ცარიელია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩასვლა და დასვენება.

მისი თქმით, ფასები 50 ლარიდან იწყება, თუმცა ის ყოველ თვე იცვლება და აგვისტოში სხვა ღირებულება იქნება. შარშანდელთან შედარებით, ფასებმა დაახლოებით 10-15 ლარით მოიმატა. „ჯავშნები ზოგადად არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არცერთი“.

იმავეს ამტკიცებს ქობულეთის სხვა საოჯახო სასტუმროც, თუმცა ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მცირეოდენი ჯავშნები უკვე აქვს, ძირითადად საქართველოდან და რუსეთიდან, თუმცა თავისუფალი ადგილები მათთანაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობით. მათივე თქმით, ფასები არ მომატებულია.

საოჯახო სასტუმრო „ბრილიანტის“ წარმომადგენელი, რომელიც ასევე ქობულეთში მდებარეობს, აცხადებს, რომ ფასები მათაც არ გაუზრდიათ.

„დამსვენებლები მყავს და ჯავშნებიც მაქვს, მაგრამ ყველა ჩემი ძველი და კარგად ნაცნობი დამსვენებელია რუსეთიდან და სომხეთიდან, არცერთი ახალი ტურისტი წელს აქ არ ჩამოსულა. რომ გვეგონა, წელს ტევა არ იქნებოდა, იმდენი ადამიანი გვესტუმრებოდა, ფაქტობრივად, ცარიელები ვართ“, – განაცხადეს მათ.

რაც შეეხება ბათუმს, სიტუაცია აქაც იდენტურია და საოჯახო სასტუმროებში აქაც სიმცირეს უჩივიან. საოჯახო სასტუმრო „დეას“ მენეჯერის თქმით, ამჟამად მათ სასტუმროში საკმაოდ ბევრი ცარიელი ადგილია. „არ ვიცი, დიდ სასტუმროებში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ ცოტა დამსვენებელია, თუმცა ზოგადად, ქალაქში, ტურისტების რაოდენობა მომატებულია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ფასები უმნიშვნელოდ, მაქსიმუმ 10-15%-ით არის მომატებული, შესაბამისად, ეს არ არის მიზეზი დამსვენებლების სიმცირისა. „ჯერ არც ამინდები გვიწყობს ხელს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის მეტი ხალხი იყო ხოლმე“.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ გონიოსა და კვარიათის სასტუმროს წარმომადგენლებიც:

„ერთი კაციც არ მყავს ჯერ. მარტო მე არ ვარ ასე, გარშემო ხომ ვიყურები? ყველა ცარიელია. ხალხი არ არის, არ ვიცი რა გვეშველება. ფასებსაც ვერ დავაბრალებ, იმის მიხედვით მერყეობს ფასები, როგორი სეზონია: თუ ცუდია, ფასი იკლებს, თუ კარგია – იმატებს. უბრალოდ ტურისტები ფიზიკურად არ არიან. ვერ ვმუშაობთ, არ ვიცი რა გვეშველება. მთელი ცხოვრებაა ამ საქმეში ვარ და ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა, მას მერე სულ რაღაც პრობლემაა. ამინდსაც ვერ დავაბრალებ, ტურისტი ბილეთს რომ ყიდულობს, ამინდს ხომ არ უყურებს? უბრალოდ, არ არიან და მორჩა. არც ბათუმში არიან, იქ რომ ივსება მერე მოდიან ხოლმე აქ, ამ დროს უკვე შუა მუშაობაში ვიყავით ხოლმე, ახლა კი ვიყურებით ისე“, – განაცხადა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მენეჯერმა.