Home დღის ამბები ეკონომიკა ბიუჯეტის ნაშთი გაიზარდა

ბიუჯეტის ნაშთი გაიზარდა

ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს ბიუჯეტში დაგეგმილზე დიდი საგადასახადო შემოსავალი შევიდა. ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით აკრეფილია 6.77 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტით განსაზღვული გეგმის 100.3%-ია.

საგადასახადოსთან ერთად გაზრდილია არასაგადასახადო შემოსავალიც. შედეგად მთლიანობაში მობილიზებული თანხა 9.1 მილიარდი ლარი იყო. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვა დაგეგმილზე მცირე აღმოჩნდა და 2022 წლის 6 თვეში ათვისებული რესურსი 9 მილიარდის ნაცვლად, 8.46 მილიარდი იყო.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბიუჯეტის ნაშთიდან თანხის ათვისება არ მომხდარა, პირიქით მისი ზომა 348 მილიონი ლარით, 1.22 მილიარდამდე გაიზარდა.

“სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2022 წლის 1 იანვრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებულმა ნაშთმა შეადგინა 881.4 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2022 წლის 1 ივლისისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1.22 მილიარდი ლარი,”- ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.