საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე საწვავის ფასები იზრდება, კერძოდ, გასულ 24 საათში ნავთობის ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 99 დოლარს აღწევს, ხოლო WTI Crude-ის ფასი 93 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის მარკის ნავთობის ღირებულება 77 დოლარს აჭარბებს.
როგორც ნავთობროდუქტების ტრეიდერმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ნავთობის ფასების ზრდას ერთი მხრივ ზამთრის სეზონის მოახლოება, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნებში გაჩენილი საწვავის დეფიციტი განაპირობებს.
გიორგი კაპანაძის თქმით, 2023 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის უმეტესი ქვეყანა რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, საწვავის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში როგორც ბარელ ბრენტზე, ისე WTI-ზე მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რაც, უპირველესად, სეზონურობით არის განპირობებული. მოლოდინი არის იმის, რომ წლის ბოლომდე ბარელის ღირებულებამ $100-საც მიაღწიოს.
გარდა ამისა, შეიქმნა დეფიციტი. რუსეთი საკმაოდ დიდი რაოდენობის საწვავს აწვდიდა ევროპის ქვეყნებს. მათ უფლება აქვთ, არასანქცირებული კომპანიებიდან ეს საწვავები წლის ბოლომდე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ. პირველი იანვრიდან კი, ევროკავშირის ქვეყნები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, შეწყვეტენ რუსული საწვავის იმპორტს. ის ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ რუსული საწვავის მიღებას, მსოფლიო ბაზრებისგან დამოუკიდებლად, მათთან უფრო დაბალი ფასი იქნება. ხოლო, ევროპის ქვეყნებში და ასევე სხვა ქვეყნებშიც, ფასები გაიზრდება. განსაკუთრებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ასეთი მკვეთრი ზრდის ფონზე“ – აცხადებს გიორგი კაპანაძე.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნავთობპროდუქტების ტრეიდერი აღნიშნავს, მართალია, უახლოეს მომავალში საწვავის ფასის კიდევ საშუალოდ 5 თეთრით გაიაფებაა მოსალოდნელი, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაგრძელდება.
„ლარის სტაბილურობის ფონზე, საქართველოში შესაძლოა საწვავის ფასი კიდევ რამდენიმე თეთრით კიდევ გაიაფდეს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იქნება.დღევანდელი მსოფლიო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, საქართველოში საწვავის ღირებულება 3 ლარიან ნიშნულს ვერანაირად ვერ ჩამოსცდება. შესაძლოა, მინიმალური ფასი 3.5 ლარიც იყოს“ – აცხადებს ნავთობპროდუექტების ტრეიდერი.
გიორგი კაპანაძის თქმით, უახლოეს მომავალში განსაკუთრებით დიზელის ტიპის საწვავის გაძვირებაა მოსალოდნელი.
„3 ოქტომბერს “მინენერგომ” ზამთრის დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა-შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს საკმაოდ იმოქმედებს დიზელის საწვავის ფასზე და ვფიქრობ, ის ძალიან გაიზრდება. გარდა ამისა, დღეს საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ჭარბი რაოდენობაა და ნელ-ნელა იქმნება დიზელის დეფიციტი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იაფფასიანი დიზელის საწვავის დეფიციტს. ეს კი თავისთავად ფასებზეც აისახება“ – განაცხადა კაპანაძემ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 195,4 ათასი ტონა – 22,5%; ბულგარეთი – 98,2 ათასი ტონა – 11,3%; თურქმენეთი – 71,4 ათასი ტონა – 8,2%; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა – 6,4%; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა – 0,9%, საბერძნეთი – 4,8 ათასი ტონა – 0,5%, ყაზახეთი – 2,0 ათასი ტონა – 0,2% და სხვა.