Home დღის ამბები ეკონომიკა ბანკების მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან გასამმაგდა

ბანკების მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან გასამმაგდა

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები ეროვნულ ბანკს წარუდგინეს. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, წელს საბანკო სექტორის მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან გასამმაგდა და მან 327 მილიონ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, გასულ წელს ბანკების მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 101 მილიონი ლარი იყო.

მთლიანობაში წელს ქართულმა ბანკებმა 4.06 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 3.36 მილიარდი საპროცენტო შემოსავლები იყო, ხოლო 705 არასაპროცენტო და საკომისიო შემოსავლები. სექტორის ჯამური შემოსავალი წელს 16%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ხარჯებს, ბანკებმა მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების და სხვა სახსრების მომსახურებაზე 1.3 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 733 მილიონი ლარი იყო, ხოლო ბანკების არასაპროცენტო ხარჯებმა 926 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მათ შორის ბანკებში დასაქმებული ათასობით ადამიანის სახელფასო ხარჯებს მოიცავს.

მთლიანობაში ბანკებმა 1 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, საიდანაც 164 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, შედეგად, მათ აქციონერებს 836 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.