Home დღის ამბები ეკონომიკა ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა – რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა – რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი სექტორს

2022 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 13 347 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2021 წლის 6 თვეში ბანკების მიმართ 10 711 საჩივარი დაიწერა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისის პრეტენზიების ხუთეულში შედიან:

მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 8 611 განაცხადი;

სამომხმარებლო სესხი – 1 466 განაცხადი;

საკრედიტო ბარათი – 505 განაცხადი;

ინტერნეტბანკი – 414 განაცხადი;

იპოთეკური სესხები – 338 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი – 8 130 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება – 1 900 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 1 139 განაცხადით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში 13 347 საჩივრიდან ბანკებმა 9 554 განაცხადი – უსაფუძვლოდ, 2 029 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; 1 742 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 22-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.