გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ახმეტის მწვანეს“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„1772 წლის გაზაფხულზე, გერმანელი მეცნიერი, აკადემიკოსი იოჰან გიულდენშტედტი ერეკლე მეფეს კახეთში მოგზაურობის დროს ახლდა თან. აკადემიკოსი გაოცებული დარჩა ვენახების სიმრავლით, მოვლის მაღალი კულტურით. მოგვიანებით, მან საკუთარ ჩანაწერებშიც დატოვა კახეთში მიღებული შთაბეჭდილებები და დღემდე ანდერძად ითვლება მისი სიტყვები: „ახმეტის ღვინო მთელ კახეთში საუკეთესოდ ითვლება“. უცხო სტუმრისგან ყოველთვის სასიხარულოა ასეთი შეფასების მოსმენა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ეს არ არის ზოგადი აღფრთოვანება. როდესაც მეცნიერი ასახელებს კონკრეტულად ერთი სახეობის ღვინოს, ამ შემთხვევაში ახმეტურს, ეს მეტყველებს მის განსწავლულობაზე, ცოდნაზე, არჩევანზე, რაც გაცილებით საფუძვლიანი და დამაჯერებელია. ახმეტურ ღვინოზე საუბრობს ვახუშტი ბაგრატიონიც. თავის ნაშრომში „საქართველოს გეოგრაფია“, მას განსაკუთრებულად აქვს გამოყოფილი მანავის, ახმეტის და კონდოლის ღვინოები.
ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი; მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, „კახური მწვანე“ ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ახმეტის“ განსაკუთრებულ ღირსებას. ამიტომ, ახმეტის ღვინოს მეორე სახელად „ახმეტის მწვანესაც“ ეძახიან.
ამჟამად, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ახმეტის“ შემთხვევაში, ერთი ჯიშის ყურძენი ორი სახეობის ღვინოს იძლევა: თეთრს ან ქარვისფერს.
„ახმეტა თეთრი“ მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა. მშრალი ღვინო ფერად ღია ჩალისფერია. აქვს უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო ადგილობრივი ჯიშური არომატით და მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ბუნებრივად ნახევრად მშრალ და ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებს გამოარჩევთ ღია მომწვანო ფერით, რომელიც ოქროსფერშია გარდამავალი. მასაც აქვს უზადო, ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო ადგილობრივი ჯიშური არომატით.
მშრალი ღვინის შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოებში 10,5%-ზე ნაკლები. შაქრის შემცველობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ნახევრად მშრალ ღვინოში უნდა იყოს 4-დან 18 გ/ლ-ს ფარგლებში, ხოლო ნახევრად ტკბილი ღვინის შემთხვევაში უნდა იყოს 18-დან 45 გ/ლ-მდე.
„ახმეტა ქარვისფერი“ შედარებით მუქი შეფერილობის ღვინოა, მუქი ქარვისფრიდან ჩაისფრამდე ტონებით. მას აქვს სავსე, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო. კარგად გამოკვეთილი ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით, რაც მის ტიპურობას განაპირობებს. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ქარვისფერ ღვინოს უნდა ახასიათებდეს ჭაჭაზე მაცერაციის დამახასიათებელი მთრიმლავი გემო. რაც შეეხება ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას, ამ მონაცემით არ უნდა იყოს 12,0%-ზე ნაკლები.
ორივე სახეობის ღვინო „ახმეტა“ შესაძლებელია დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოყვანილი კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. მიკროზონის საზღვრებს კი წარმოადგენს სოფლები, რომლებიც გაშენებულია მდინარე ალაზნის ზედა წელში, ახმეტის მუნიციპალიტეტში: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოგორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო, ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო და ქვემო ალვანი, ხორბალო, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი, არგოხი და თავად ქალაქი ახმეტა.
ღვინო „ახმეტის“ დამზადების უმთავრესი წესი იწყება ყურძნის სიმწიფისგან. საღვინედ გამზადებული ყურძნის ნაყოფი კრეფის დროს აუცილებლად უნდა იყოს მწიფე. შაქრის არანაკლებ 20%-იანი შემცველობით მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინისთვის. ნახევრად ტკბილ ღვინოს კი შაქრის შემცველობა უნდა ჰქონდეს არანაკლებ 22%.
„ახმეტის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ბოთლებში ჩამოსხმა კი ნებისმიერ ადგილას, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.