Home დღის ამბები ეკონომიკა ახალი სეზონი ტკბილი წიწაკის გაზრდილი ფასით იწყება – რა ღირს ბაზარზე „ბულგარული“...

ახალი სეზონი ტკბილი წიწაკის გაზრდილი ფასით იწყება – რა ღირს ბაზარზე „ბულგარული“ წიწაკა

აგვისტოში საქართველოში ტკბილი წიწაკის სეზონი იწყება. EastFruit-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს პროდუქტის საბითუმო ღირებულება და დაასკვნეს, რომ წელს ის განსაკუთრებით მაღალია.

11 აგვისტოს მონაცემებით, ერთი კილოგრამი წითელი ტკბილი წიწაკა, ბაზარზე 2,04 დოლარი ღირს, რაც 165%-ით მაღალია, ვიდრე ამ პერიოდის მონაცემები გასული 3 სეზონის განმავლობაში.

ფასებმა მოიმატა მწვანე ტკბილ წიწაკაზეც. 2019-2021 წლებთან შედარებით, მისი ფასი 46%-ით მეტია.

წიწაკის ფასების ზრდას წარმოების მაღალი ხარჯებიც განაპირობებს.

ბოლო 3 სეზონის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 11-12 ათას ტონა ტკბილ წიწაკას მოიხმარს. 2014 წლიდან 2019 წლამდე სეზონებში მოხმარების დიაპაზონი 6-9 ათასი ტონა იყო. ზოგადად, რაც მეტია მოთხოვნა, მით მაღალია ფასები.

ყველა სახის ტკბილ წიწაკაზე მოქმედი ფაქტორების გარდა, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც განსაკუთრებით იმოქმედა წითელ წიწაკაზე, არის დაბალი ფასები წინა ორ სეზონში. ბევრი მწარმოებელი არ იყო კმაყოფილი 2020-21 და 2021-22 წლების სეზონებში მიღებული შემოსავლით. ახალი სეზონისთვის კი მათ გაცილებით ნაკლები დარგეს და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზემოთ აღწერილი გაზრდილი ღირებულება.

სეზონის პროგრესირებასთან ერთად ბაზარზე უფრო მეტი ტკბილი წიწაკა მოხვდება, საბითუმო ფასები კი დაიკლებს.

ფასების შემდგომი ზრდა მოსალოდნელი არ არის.