რამდენიმე დღეა აფხაზეთში 2002 წელს დაბადებულ გოგონას ეძებენ. ქსენია ვორობევა მე-9 კლასელია. ის მიმდინარე წლის 18 დეკემბრის დილას გავიდა სახლიდან და დღემდე არ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების თქმით, მას ლურჯი ფერის სასკოლო ფორმა და შავი ქურთუკი ეცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა aiaaira.com აფხაზეთის ე.წ შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლოება ცდილობს, ოჯახს დაეხმაროს და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელოს.
სექტემბრის ბოლოს აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივები გალის, სოხუმისა და გაგრის სკოლებიდან მოსწავლეების გატაცების მცდელობაზე საუბრობდნენ და შესაბამისი “უწყებებიდან” დახმარებას ითხოვდნენ.
მოგვიანებით, ე.წ. შსს-მ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ისინი ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ სიტუაციას სამივე რაიონში და მსგავსი საფრთხე არ არსებობს.
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გოგონას საცხოვრებელი ადგილი და სკოლა არ კონკრეტდება, თუმცა, აფხაზეთი პატარაა და გოგონას ოჯახს ყველას იცნობს. საცოდავი ვახტანგი ძალიან პატიოსანი ადამიანია და არც იმდენი ფული აქვს, რომ გამოსასყიდი მოსთხოვონ”, – ამბობს გუდაუთელი ვალია ბგანბა, რომლის თქმითაც, გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით რომ ყოფილიყო მოტაცებული, მათ ამ დრომდე სიძის ოჯახი დაუკავშირდებოდა.
“დაცულები არ ვართ, მოზარდები კი არა, ზრდასრული ადამიანები არ ვართ უსაფრთხოდ – უკვე ყველაფრის კონტროლის უნარი დავკარგეთ. ამას წინათაც ეძებდნენ 12 წლის გოგონას, თუმცა, გავლენიანი ოჯახის შვილი არ იყო და არც ვიცით, იპოვნეს თუ არა. ჩვენი შსს მინისტრი ამბობს, მილიციას რას სთხოვთ, ფეხსაცმელიც კი არ აქვთ, სამსახურში რომ იარონო.
ეს ხომ პირველი ბავშვი არ არის, რომელიც დაიკარგა. ნორმალურ ქვეყანაში ამ ასაკის ბავშვის დაკარგვა ტრაგედიაა და საზოგადოება ფეხზე დგება. ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ, ცოცხალი იყოს და ვინმეს ცოლად ჰყავდეს, რადგან ძალადობასა და მკვლელობებს უკვე შევეჩვიეთ”, – წერს სოციალურ ქსელში ვარლამ მაიაკელი.
“აფხაზური მილიცია ამბობს, რომ ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვს საეჭვო არაფერი ეტყობოდა. შვილების ქუჩაში გაშვების უნდა გვეშინოდეს, როდემდე?!”, – ამბობს მარიამ ხაჯიმბა.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, თითქმის ოცდაათი წელია აფხაზეთში ერთი საახალწლო “ტრადიცია” დამკვიდრდა, რომელსაც აგერ უკვე მეორე თაობაა არ ღალატობს: “ადგილობრივები ბოროტმოქმედებენ, მათ “რობინჰუდებს” ნამდვილად ვერ უწოდებთ – საინკასაციო მანქანას ესხმიან თავს და ექიმების, მასწავლებლებისა და სხვა სოციალურ სფეროში მომუშავე ადამიანების ხელფასებს იტაცებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ აკავებენ, თუმცა, პასუხისმგებლობა ძალიან ცოტა ვინმეზე ვრცელდება”, – წერს ადგილობრივი ჟურნალისტი იზიდა ჭანია.
12 დეკემბერს გუდაუთაში ნიღბიანებმა ასეთივე მანქანა დააყაჩაღეს, რომელსაც ადგილობრივი ექიმების ხელფასი, 1 მილიონ 300 ათასი რუბლის ოდენობით თანხა მიჰქონდა. “ეს კი იმას ნიშნავს, რო ისინი ამ ახალ წელს ხელფასის გარეშე დარჩნენ”, – წერს გამოცემა.
შარშან ამ დროს გულირიფშის რაიონის ბუღალტერიიდან 3 მილიონი რუბლის ოდენობით თანხა გაიატაცეს, შემდეგ კი გამტაცებელი “ცხელ კვალზე დააკავეს”, თუმცა გაირკვა, რომ ის პარტია “ამცახარას” წევრი დაურ ტანია იყო და მალევე გაათავისუფლეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, სოხუმში დაახლოებით 600 მეტრის სატელეფონო კაბელი მოიპარეს და 1000-მდე აბონენტი კავშირის გარეშე დატოვეს. მაშინ ე.წ. კომუკინაციების ხელმძღვნელი ლაშა შამბა ამბობდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. “არადა, 90-იანი წლების დროს, ერთადერთი სისტემა რაც გამართულად მუშაობდა სატელეფონო კავშირები იყო”, – წერდნენ აფხაზები.