Home დღის ამბები ეკონომიკა ატმისა და ვაშლატამას მოსავალს 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა იღებს

ატმისა და ვაშლატამას მოსავალს 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა იღებს

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება – 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა.

„კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.