Home გაზეთი გაზეთი "შირაქი" არჩევანი, რომელმაც საზღვრები გადალახა — გზა საქართველოდან რომამდე

არჩევანი, რომელმაც საზღვრები გადალახა — გზა საქართველოდან რომამდე

ჟუჟუნა ყანჩაშვილი

დღეს, როცა აბიტურიენტების უმეტესობა ტექნოლოგიებსა და ბიზნესზე აკეთებს არჩევანს, 18 წლის ლიზა კოჭლამაზაშვილმა სრულიად განსხვავებული მიმართულება აირჩია — იგი ჩაირიცხა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უნივერსიტეტში, Sapienza Università di Roma, და სწავლას დაიწყებს Global Humanities-ის — გლობალური ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე.

მისი მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია: IELTS-ის გამოცდაზე მაღალი ქულა და TOLC-E ტესტში — 34/36 ქულა. ეს არჩევანი მხოლოდ აკადემიური მიმართულება არ არის — ეს არის ხედვა, ღირებულებები და სურვილი, უკეთესად შეიცნო ადამიანები, კულტურები და თვითონ სამყარო.

EDU CENTRE-ის წარმატებულ სტუდენტთან ინტერვიუ მისი მოტივაციის, გზაანალიზისა და გლობალური ჰუმანიტარისტიკის მნიშვნელობის შესახებ:


„ვიცოდი, რომ ჩემი გზა საზღვრებს მიღმა იყო“

— ლიზა, მოგვიყევი შენზე, საიდან მოდიხარ და როგორ მიადექი ამ გზას?
ვარ ლიზა კოჭლამაზაშვილი, 18 წლის. ვსწავლობდი დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში და პარალელურად დავდიოდი „edu centre“-ში, სადაც საფუძვლიანად შევისწავლე ინგლისური ენა. აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტებში და ვაგროვებდი მრავალმხრივ გამოცდილებას.

— რატომ საზღვარგარეთ სწავლა და რატომ იტალია?
ბავშვობიდან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა. დედაჩემი იტალიაშია და ეს ფაქტორი დამატებითი მოტივაცია გახდა. Sapienza-ს უნივერსიტეტი ჩემთვის არა მხოლოდ სახელოვანი, არამედ ღირებულებების შესაბამისი არჩევანია.

— რატომ Global Humanities?
ეს ფაკულტეტი ძალიან ფართოა — ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, კომუნიკაცია, ფილოსოფია, პოლიტიკა. იგი გაძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისთვის. ეს არ არის უბრალოდ სპეციალობა, ეს არის ადგილი, სადაც სწავლობ სამყაროს უკეთ გასაგებად და, რაც მთავარია, მისი შეცვლის სურვილით.

— როგორია აპლიკაციის პროცესი?
დავიწყე CV/EUROPASS-ის მომზადებით, Tor Vergata-მ ინტერვიუ დამინიშნა, ხოლო Sapienza-ში ონლაინ ტესტები დავწერე. საბუთების შეგროვება საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.

— ყველაზე რთული მომენტი?
არის მომენტები, როცა ეჭვი გეპარება — ბიუროკრატია, რესურსები, ლოდინი. მაგრამ როცა გვერდით გყავს ოჯახი და მეგობრები, ყველაფრის გადალახვა შეგიძლია.

— ოჯახი როგორ შეხვდა შენს არჩევანს?
მხარდაჭერით. მათთან ერთად მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვიცოდით, რომ ეს ჩემი დიდი ოცნება იყო.

— შენი მთავარი მოტივატორი?
დედა. მიუხედავად იმისა, რომ შორსაა, ჩემ გვერდით არის ყველა ეტაპზე. მისი რჩევები და მხარდაჭერა ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილია.

— როგორ გგონია, რას მოგცემს ეს გზა?
ეს გამოცდილება ჩემს პიროვნებას ბევრ რამეს ასწავლის — დამოუკიდებლობას, კულტურულ მგრძნობელობას, კრიტიკულ აზროვნებას. ველი ზრდას, განვითარებას და, რაც მთავარია, უკეთეს მომავალს.


მასწავლებლის ხმა: ლიზა — ლიდერი, მოაზროვნე და შრომისმოყვარე

ეკა სეფიაშვილი, ინგლისური ენის ცენტრის — EDU CENTRE-ის დირექტორი:
„ლიზა ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა, ვისთან მუშაობის ბედნიერებაც მქონია. ბავშვობიდან ინგლისურ ენაზე კითხულობს, ფიქრობს და აზროვნებს. მის წარმატებას არა მხოლოდ მაღალი ქულები, არამედ პასუხისმგებლობა და შინაგანი კულტურა განსაზღვრავს. უდიდესი წვლილი მის ჩამოყალიბებაში სკოლასაც მიუძღვის. ლიზას ჩარიცხვა Sapienza Università di Roma-ში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ეს უკვე არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი რეგიონის წარმატებაა.“


ლიზას გზავნილი იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ეჭვობს საკუთარ თავში:

„ნუ მისცემთ შიშს უფლებას, ოცნებები დაგაკარგვინოთ. წარმატება ყველას შეუძლია, ვინც მზად არის ნაბიჯები გადადგას და არ დანებდეს. გჯეროდეთ საკუთარი თავის!“


ლიზას არჩევანი — სწავლა Sapienza Università di Roma-ში, Global Humanities-ის ფაკულტეტზე — მძლავრი მაგალითია იმისა, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები დღესაც აუცილებელია: მაშინ, როცა გლობალური თანამშრომლობა, კულტურათა გაგება და ღირებულებითი დისკუსია, როგორც არასდროს, საჭირო და აქტუალურია.

ლიზა გვაჩვენებს: ოცნებები რეალურია. მთავარია, იპოვო შენი გზა.