ირლანდიაში ნოემბერში რეფერენდუმი ჩატარდება, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა „ქალის ადგილი სახლში.“ ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
რეფერნდუმზე გადის კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია: „სახლში ცხოვრებით ქალი მხარდაჭერას უწევს სახელმწიფოს, რომლის გარეშეც საერთო სიკეთის მიღწევა შეუძლებელია,“ ხოლო „დედები ეკონომიკური აუცილებლობით არ უნდა იყვნენ იძულებული, იმუშაონ და ამით სახლში თავიანთი მოვალეობები უგულვებელყონ.“
2021 წელს კონსტიტუციის ამ მუხლმა გენდერული თანასწორობის სამოქალაქო ასამბლეის ყურადღება მიიქცია. ასამბლეამ მისი გაუქმება და იმ ფორმულირებით ჩანაცვლება მოითხოვა, რომელიც სქესს არ შეეხებოდა.
ირლანდიის კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება საერთო სახალხო კენჭისყრით შედის. 1937 წელს კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქვეყანაში 38 რეფერენდუმი ჩატარდა.