წლებია, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქართულ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია, სენტიმენტალური, სტერეოტიპული დატვირთვა აქვს და ის, როგორც ფენომენი, საზოგადოების იმ ნაწილს წარმოაჩენს, რომელსაც არც მანქანა აქვს და არც ტაქსის ფული, რაც, ბუნებრივია, იმთავითვე უმრავლესობას წარმოადგენდა.
თუ კი ზედმეტად მგრძნობიარე და შთაგონებული ხარ ერის კულტურული, მენტალური თავისებურებები ტრანსპორტში ამოიცნო, იძულებული ხარ შეზღუდულად ისიამოვნო ან დაბრუნდე სახლში და „მიდიოდა მატარებელს“ უყურო.
მხოლოდ იმიტომ ვწერ შუალედურად ამ საკითხზე, რომ არსებობენ პირები რომლებიც საკუთარი ინიციატივით მუშაობენ და ბუნებრივია, ისინი კერძო გრაფიკით მუშაობენ, არ ექვემდებერებიან არცერთ ოფიციალურ სისტემას, რომელიც გარკვეულწილად შეგვიქმნიდა იმის წარმოდგენას, რომ არც ისე წყალწაღებულია ეს ქალაქი.
„მარშუტკები“ მხოლოდ ქალაქის იმ ნაწილში (კავკასიონის ქუჩა, ალაზნის გამზირი, საავადმყოფო, უნივერსიტეტი) მოძრაობენ, სადაც მეტი მგზავრია და რომლის გავლასაც ნაკლებ დროსა და საწვავს მოანდომებენ, ორნი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოძრაობენ და ეს გრძელდება მანამ, სანამ რომელიმეს რამე პირადი თუ ტექნიკური პრობლემა არ შეექმნება. ამასთან, ეს ბედნიერება მხოლოდ შაბათ-კვირის გარდა 6 საათამდე გრძელდება. ამრიგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს, მაგრამ შეზღუდულად და თანაც ისე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ძირითადად თამაშგარე რჩება. მეორე მხირვ, უკვე თელავშიც შეინიშნება სატრანსპორტო პრობლემები, რაც ძირითადად მანქანის გასაჩერებელი ადგილების არარსებობაში გამოიხატება, ჩვენში მას მოუწესრიგებელ პარკინგს ეძახიან.
რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხალხის ცნობიერებაში საკუთრი მანქანის ყოლით გამოწვეულ ეიფორიას ჩაანაცვლებს, მაგრამ ამხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად მაინც ჩაითვლება.
ვისაც კი თელავში ბოლო რამდენიმე წელია უცხოვრია, აუცილებლად ემახსოვრება ის დიდი ყვითელი ავტობუსები, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უფასოდ რომ ემსახურებოდა და მარშუტიც დამაკმაყოფილებელი იყო. ამ ხალხს ისიც კარგად ემახსოვრება, თუ როგორ მისტიკურად გაქრა და მოულოდნელად ჩოხელის სტადიონზე აღმოჩნდა, დღემდე არც ისეთი თანხა მოიძებნა, რომელიც ამ ავტობუსებს ქმედუნარიანობას დაუბრუნებდა. ამ ყველაფერთან ერთად კი სიცილ-კისკისით განიხილება იყალთოს მეტროსთან ურნების განთავსება და ცივის მთიდან ქალაქის ცენტრამდე საბაგიროს გაყვანასთან დაკავშირებული საკითხები.
დრო გადის, თუმცა თელავისთვის არა.
დაპირებები არასდროს ძველდება და არც ახლები კარგავს აქტუალურობას. ჩვენ კი წლიდან წლამდე ველოდებით მურმანიძეს რეზოლუციას (კ/ფ „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“) 🙂