საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიაში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
ამ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან ანსამბლმა ,,პანკისი“, რომლის დამფუძნებელია ქალბატონი ბელა მუთოშვილი. ფესტივალზე მათ წარმოადგინეს ქართული და ჩეჩნური ფოლკლორი.
ანსამბლმა ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში გამართა კონცერტი. მათ მიერ გამართულმა კონცერტმა ყველა ქვეყანაში სრული ანშლაგით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჰააგაში ანსამბლი ,,პანკისის“ კონცერტის დასრულებისთანავე, ჰოლანდიელების მომღერალთა გუნდმა ქეთი წიკლაურის ხელმძღვანელობით, გამოთქვა სურვილი ანსამბლ პანკისთან ერთად შეესრულებინა სიმღერა ,,მალიქა“.
„მალიქას“ შესრულების შემდეგ, სცენაზე ავიდა საქართველოს ელჩი ჰააგაში, რომელმაც მადლობა გადაუხადა ანსამბლ „პანკისს“ საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.
ღონისძიებას ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ.