მირიან თვალიაშვილის წიგნის, „თელავის განაშენიანება, ქუჩები, კერძო სახლები, ბაზრები, ხელოსნობა, ამქრები“- ის მიხედვით
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თელავმა, როგორც ტერიტორიული, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით, ზრდა იწყო. ძველმა და ახალმა უბნებმა სახეცვლილება განიცადეს.
მაიორმა გურსკიმ 1863 წელს თელავის აღწერილობა შეადგინა, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის თელავში არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული ცნობის მიხედვით, იმ დროისათვის, საუკუნე ნახევრის წინ, ჩვენ ქალაქს სჭერია „6 კვადრატული ვერსი – გორაკების, ტყეებისა და დაუსახლებელი ადგილების ჩათვლით“.
თელავის დიდ ხევზე, რომელიც ქალაქს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ხიდი არ ყოფილა. წვიმიან ამინდში ხევი წყლით ივსებოდა და ხშირად რამდენიმე დღით კავშირი წყდებოდა ძველსა და ახალ თელავს შორის. გურსკი აღწერს კახეთის მეფეთა სასახლის შენობათა ანსამბლს. ყურადღებას ამახვილებს ეკლესიაზე, რომელშიც არის ეკატერინე II -ის მიერ ერეკლესათვის სახსოვრად მირთმეული კანკელი, ვერცხლის ლუსტრა და სხვა მრავალი ძვირფასი საეკლესიო მოწყობილობა. ამ პერიოდში არსებობდა სამაზრო ხაზინა და ციხე.
ქალაქში იმ დროისათვის ყოფილა: 31 აგურის, 8 – კრამიტის ქარხანა, 7 – საკირე, 3- დაბახანა, 6 – სამღებრო.
XVIII სუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში თელავის მოსახლეობა მისდევდა ღვინით ვაჭრობას. ყიდულობდნენ ღვინოს და თბილისში ყიდდნენ. ქალაქად ღვინით ვაჭრობა არ ყოფილა მომგებიანი, ადგილობრივ ვაჭრებს საქონელი გასაყიდად მიჰქონდათ დღეობებში: 15 აგვისტოს – გრემში, 8 სექტემბერს – შუამთაში, ხოლო 14 სექტემბერს – ალავერდში. ამ ვაჭრობის წლიური ბრუნვა 100 000 მანეთს შეადგენდა და გადასახადიც ამ თანხის მიხედვით ედებოდათ. ქალაქად ორი სასწავლებელი იყო- სამაზრო 75 მოსწავლით და სასულიერო – 42 შეგირდით.
ქალაქის შემოსავალს შეადგენდა გადასახადი უძრავი ქონებიდან, სასაკლაოდან, სასწორის შემოსავლიდან, ვაჭრობის უფლების გადასახადისა და ხელოსნობის პატენტისაგან; ქალაქის გასავალს კი – პოლიციის შესანახი, შენობის ქირა და ციხის გათბობა – განათებით იფარგლებოდა.
ქალაქად უმთავრესად ერთი ავადმყოფობა მალარია იყო გავრცელებული, თელავში, სასახლის გარდა, ორი ციხე-კოშკი იყო აგებული – ვახვახიშვილისა, ყორჩიბაშიშვილებისა. სამივე მდებარეობდა ქალაქის ახალ ნაწილში.
ქალაქი 200 დესეტინა ფართობზე ყოფილა გაშენებული, აქედან ქალაქის შენობებს ეჭირა 63 დესეტინა, ქუჩებს, მოედნებს, მდინარეებს, გამოუყენებელ ადგილებს – 35, დანარჩენი კი ბაღებს.
ქალაქში იმ დროს ყოფილა 567 ქვის სახლი, 129 – ხის, 185 – წნულისა, 267 დუქანი, 32 ქუჩა, 2 მოედანი, 2 ხიდი და ერთი აბანო.
არსებობდა პოლიცია, სამაზრო სამმართველო, ხაზინა, ფოსტა.
მცხოვრებთა რიცხვი 5325-მდე აღწევდა, აქედან მამაკაცი – 2939, დედაკაცი – 2386. ყოველწლიურად იბადებოდა – 228, კვდებოდა – 192, ქორწინდებოდა – 174.
თელავში მისდევდნენ ხელოსნობის სხვადასხვა დარგს. იმ დროს ყოფილა 6 დურგალი, 5 ოქრომჭედელი, 3 მღებავი, 19 მეჩექმე, 10 მეჭურჭლე, 2 თოკის მგრეხელი, 2 მეკრამიტე, 19 მკერავი, 4 მეუნაგირე, უმუშავნია ფურნეს, საკონდიტროს, ტყავის, აგურის, კრამიტისა და ჭურჭლის ქარხნებს.
~როგორც აღვნიშნეთ, თელავში ხელოსნობის განვითარება, შედარებით მაღალ დონეზე იდგა, „ამაზე მოწმობს შესაბამისი ხელოსნური ორგანიზაციის – ამქრის არსებობა, მთელი თავისი იერარქიით“.
„ცნობილია, რომ საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თელავში არსებობდა ე.წ. „ამქრის ბაღები“ – სპეციალური ნაგებობა ქალაქგარეთ, ბაღში, სადაც ხელოსნები იხდიდნენ სამღვთოს“.
თელავში უამრავი ამქრის ბაღი ყოფილა, ისინი თელავის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობდა. თელავის მკვიდრის, 80 წლის დავით ლუარსაბიშვილის გადმოცემით: დერციკების ამქრის ბაღი ძველ კომისარიატთან იყო, მიასნიკოვის ქუჩაზე, იქ, სადაც V საშუალო სკოლაა ამჟამად. დურგლების ამქრის ბაღი – გივი ჩოხელის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თელავის პედინსტიტუტის, დღეს თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარეობდა ამქრის ბაღი, რომელსაც „ტრინკას ბაღს“ ეძახდნენ. ტრინკას ბაღში ნაირნაირი ხეხილი იდგა, სხვადასხვა ჯიშის ბლები, ვაშლები, მსხლები, ატმები. მარტო ერთი ჯიშის ბალი 40 ძირზე მეტი იდგა.
ამქრის ბაღებში თავს იყრიდნენ თელაველი ხელოსნები: დერციკები, დურგლები, მეწაღეები, შორინიკები, ხარაზები, დაბაღები და სხვა.
საინტერესო მასალას გვაწვდის ჭადართან არსებულ ბაღზე ივ. პაატაშვილი: „იქ სადაც დღეს სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაა აღმართული, ოდესღაც კლდე-ღრეს წარმოადგენდა და ეწოდებოდა „ფიქრის გორა“. ამ გორაზე მე-17 საუკუნეში კახეთის მეფის, არჩილის მიერ აშენებული იყო ციხე-გალავანი, ნათლისმცემელი კარის ეკლესიით, ამ ციხე-გალავანში მცხოვრებ ძველ ფეოდალ გ. ვახვახიშვილის სიტყვით (გარდ. 1923 წელს, ღრმად მოხუცებული). აქდან დაწყებული, მამიყიაანთ ბოგირის ხევამდე, გაშენებული ყოფილა ზვარი, ხეხილის ბაღით, რომელიც თავდებოდა ათასწლოვანი ჭანდრით და მრავალი შადრევნებით. ეს ყოფილა დიდებული შესაქცევი ადგილი და აგრეთვე მეფესთან წარმოგზავნილ უცხოელ დესპანებს. თურმე ამ ბაღში უმართავდნენ წვეულებებს.
ჭადართან ბაღის არსებობაზე მიგვითითებს ის ფაქტი, რომ ჭადრის ქვეშ სხვადასხვა წლებში თელავის საზოგადოებამ გაუამართა ნადიმი გამოჩენილ ქართველ და უცხოელ სტუმრებს.
1893 წელს ბანკეტი მოუწყეს დიდ ილიას. 1911 წელს „ილიაობაზე“, რომელიც გაიმართა ისტორიული ჭადრის განიერი ტოტების ქვეშ, „როგორც მოსალოდნელი იყო, ნადიმს დიდძალი ხალხი დაესწრო, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სოფლებიდან და თბილისიდან. სადილს ატკბობდა სამი მომღერალთა გუნდი: ახმეტის, შილდის და ადგილობრივი, ერთი მეორზე უკეთესი სიმღერებით დაიწყო ნადიმი, ილიაობაზე ჩამოსული იყო სასიქადულო ქართველი პოეტი, აკაკი წერეთელი, მგოსანმა ნადიმზე წარმოთქვა სადღეგრძელო, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: „მე ვერ მოვესწრები იმ მომამვალი გმირის მოსვლას, მაგრამ გულში იმედით კი ჩავალ საფლავში და ჩემი უკანასკნელი სიმღერა იქნება: „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს-მეთქი“ და ახლა კი ამ უზომო თანაგრძნობისათვის, გულითად მადლობად გწირავთ ბატონებო, იმ გმირის სახელზე, რომელსაც თქვენ ელით“.
„თელავის საზოგადოებამ“ 1895 წელს ნადიმი გაუმართა ინგლისელ მწერალ ქალს, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელს, მარჯორი უორდროპს.
1914 წელს თელავის საზოგადოებამ ნადიმი გაუმართა მეცნიერს, ჩვენ თანამემამულეს, ნიკო მარს.
ეს ბაღი, რომელსაც თელაველები ძველ ბაღს ეძახიან, „მდებარეობს ერეკლეს სასახლის გალავნის სამხრეთ-დასავლეთით, საინტერესო მასალაა ამ ბაღზე გ. მელითაურის სტატიაში „ძველი წყაროები თელავის შესახებ“; „ძველი ბაღის ტერიტორია გამოყენებული ყოფილა ბაზრობისათვის. აქ იყიდებოდა ახლო-მახლო სოფლებიდან შემოტანილი სურსათ-სანოვაგე, შეშა, ფირჩხი, ჭიგო. აქვე ხდებოდა ცხენების დაქირავება თბილისში წასასვლელად, შეიყრებოდა 10-15 კაცი, მეტწილად ვაჭრები და მიდიოდნენ. რაც შეეხება ძველ ბაღს, ისტორიულ წყაროებში მასზე ცნობები არ გვხვდება, ოღონდ მოგვისმენია მომსწრე ხალხის გადმოცემით, რაც ვფიქრობთ, უტყუარი უნდა იყოს. ერეკლეს სასახლის გალავნის სამხრეთ-დასავლეთით გამართული იყო საზოგადო სასწორი. ცენტრში აღმართული იყო 7-8 მეტრი სიმაღლის უთხოვრის ხის ანძა ბაირაღით, 12 საათამდე, სანამ ბაირაღი ჩამოეშვებოდა, პროდუქტების გაყიდვა ხდებოდა მხოლოდ ქალაქელებზე, შემდეგ იწყებოდა თავისუფალი ვაჭრობა, ამ ანძას რამდენიმეჯერ უცვალეს ადგილი. ერთ ხანს, რიყეშიც იყო გადატანილი. ეს კია, რომ 1864 წლამდე ანძა მოედანზე იყო, რადგან აქ გადაუხდიათ პარაკლისი ბატონყმობის გაუქმების აღსანიშნავად, პარაკლისის ფოტოსურათი ინახება მუზეუმში. აქვეა თვით ანძაც, რომელიც 4-5 წელია, რაც გადაეცა მუზეუმს. მაშასადამე, 1864 წლამდე ძველი ბაღი არ არსებობდა.“
საინტერესო ისტორია აქვს თელავის ცენტრში მდებარე ბაღს, რომელიც „ახალი ბაღის“ სახელითაა ცნობილი. ეს ბაღი „ძველი ბაღის“ სამხრეთითაა გაშენებული. მთელი მისი ტერიტორია უწინ ვინმე ტერ-სარაქისოვს ეკუთვნოდა (ამიტომ ამ ბაღს ტერტერაანთ ბაღს ეძახდნენ). მისი ორსართულიანი სახლი ნაკვეთის ცენტრში იდგა და გარშემო ვენახი ჰქონდა გაშენებული, ხოლო „ნაპირას, გზის მხარეზე გამწკრივებული იყო სამიკიტნოები, სოფლიდან მოსული ტრანსპორტისა და საქონლის დასაყენებელი „დვორები“.
ავტორი : ისტორიკოსი – პროფესორი მირიან თვალიაშვილი / თელავის მკვიდრი
გაგრძელება იქნება მანამდე კი მოიწონეთ ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთში“