Home დღის ამბები ეკონომიკა „ავტოსადგურები ვერ პასუხობენ მინიმალურ სტანდარტებს… რეფორმა 2023 წელს განხორციელდება“

„ავტოსადგურები ვერ პასუხობენ მინიმალურ სტანდარტებს… რეფორმა 2023 წელს განხორციელდება“

ავტოსადგურები მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ, აუცილებელია დარგის რეგულირება, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის და რეფორმა 2023 წელს განხორციელდება.

„ჩვენ გამზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და შესაბამისად, მოხდება ამ მიმართულების დარეგულირება, რაც აუცილებელია, რადგან ავტოსადგომები ცალსახად დერეგულირებულია. ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ იმ მინიმალურ სტანდარტებსაც, რასაც ჰქვია ხარისხის სტანდარტები, მგზავრზე ზრუნვის სტანდარტები, მომსახურების ხარისხი, ბილეთების გაყიდვის გრაფიკებთან დაკავშირებით, საიმედოობა და ა.შ. ყველაფერი გაწერილია, გვექნება რამდენიმე კატეგორიის ავტოსადგური.

საქართველოში ჩვენ მალე მივიღებთ იმ კატეგორიის ავტოსადგურებს, როგორიც არის ევროპაში, მათ შორის იმ დიზაინის, რაც მიმზიდველი იქნება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის მნიშვნელობაზე, დამეთანხმებით, რომ არის სფეროები, სადაც გვაქვს ჩამორჩენა და მათ შორის ეს არის ერთ-ერთი, როცა ჩვენი ავტოსადგურები არც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების“, – განაცხადა მინისტრმა.