Home დღის ამბები ეკონომიკა ადგილობრივი ექსპორტი 34,1%-ით გაიზარდა – სად ვყიდით ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ პროდუქციას

ადგილობრივი ექსპორტი 34,1%-ით გაიზარდა – სად ვყიდით ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ პროდუქციას

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3,100 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 71.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 2,225 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (447.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (295.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (274.3 მლნ. აშშ დოლარი).

 

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 621.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 348.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 182.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).