კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა დღეს საზოგადოებას WhatsApp-თან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ აუწყა.
პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ახალ ფუნქციურ შესაძლებლობებს მიიღებს. პირველ რიგში, ჯგუფიდან გასვლა ახლა უკვე შეუმჩნევლად, წევრებისთვის შეტყობინების მისვლის გარეშე იქნება შესაძლებელი. მომხმარებლის ჯგუფიდან გასვლის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ადმინისტრატორები მიიღებენ. აღნიშნული ფუნქცია WhatsApp-ში ეტაპობრივად მომავალი თვიდან დაინერგება.
გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება იმის არჩევის საშუალება, თუ ვინ შეიძლება ნახოს ან არ ნახოს მისი ხაზზე ანუ „ონლაინში“ ყოფნის შესახებ სტატუსი. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფუნქცია Facebook-სა და Messenger-ს უკვე წლებია აქვს.
მესამე და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია კონფიდენციალურობის დაცვისკენაა მიმართული, კერძოდ, ერთჯერადად ნახვის (View once) ფუნქციით გაგზავნილი შეტყობინებისთვის სურათის ანუ „სკრინშოთის“ გადაღება აკრძალული იქნება.
ცუკერბერგის განცხადებით, Meta-ს გუნდის მიზანია, რომ WhatsApp-ი ისეთ დაცულ და უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებად იქცეს, როგორიც პირისპირ საუბარია.