კომპანიამ Tesla ოფიციალურად წარადგინა ბრენდის პირველი სერიული ელექტრო მზიდავი Semi, რომლის პრეზენტაციის ტრანსლირება კომპანიის ვებგვერდზე მოხდა.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო კომპანიის მმართველმა და დამფუძნებელმა ილონ მასკმა. ის პირადად გამოვიდა სცენაზე ამ ავტომობილით და თქვა, რომ ეს არის „სპილო, თუმცა მოძრაობს როგორც გეპარდი. ჩქარდება სწრაფად და ამუხრუჭევს სწრაფად“.
ინფორმაციის თანახმად, Semi-ს ერთჯერადად 800 კმ მანძილის დაფარვა შეეძლება. ამასთან, მისი საბმელის ტვირთამწეობა არის 37 ტონამდე. მასკის თქმით, სატვირთო დაკომპლექტებულია ულტრასწრაფი დამტენით, თუმცა რა დროს სჭირდება მის სრულად დატენვას, ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია. მას ასევე არ უხსენებია, იქნება თუ არა ის აღჭურვილი უპილოტო მართვის სისტემით. არაფერი ვიცით იმის შესახებაც, თუ რამდენ ასეთ სატვირთოს გამოუშვებს კომპანია უახლოეს მომავალში.
როგორც ცნობილია, Tesla Semi ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინა და მაშინ თქვა, რომ მისი სერიული წარმოება მოხდებოდა 2019 წელს, თუმცა ასე არ მოხდა. ბრენდის ელექტრო-სატვრითოების პირველ პარტიას კომპანია Pepsi მიიღებს.