ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის კვარტალური შედეგები ცნობილია. Tesla-მ მფლობელობაში არსებული ბიტკოინის 75% გაყიდა და მის სანაცვლოდ 936 მილიონი დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობამ კრიპტოაქტივებში ინვესტირების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო და კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში კი აღნიშნული აქტივის ღირებულებამ $2.5-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიპტობირჟის აღმასვლითა და ფასების ზრდით იყო განპირობებული.
კომპანიის გენერალური დირექტორის ილონ მასკის განმარტებით, ბიტკოინის გაყიდვის გადაწყვეტილება მეორე კვარტალში კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ჩინეთის მასშტაბით მკაცრი ლოკდაუნების დაწესებამ Tesla-ს საწარმოო პროცესის შეფერხება გამოიწვია, რამაც კომპანია ნაღდი ფულის საჭიროების წინაშე დააყენა, ბიტკოინი კი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, მარტივი გასანაღდებელია, ანუ ბირჟაზე მისი ყიდვა ან გაყიდვა უაღრესად მარტივია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ილონ მასკმა განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იქნეს აღქმული.
„ბიტკოინის გაყიდვის მიზეზი ჩინეთში ლოკდაუნების დაწესების საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაღდი ფულის მოცულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა. ეს ქმედება კი ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა ილონ მასკმა.
რაც შეეხება კომპანიის კვარტალურ შედეგებს, გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში Tesla-მ 16.9 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ერთ აქციაზე შემოსავალმა მეორე კვარტალში 2.27 დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს და 24%-ით აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.
საგულისხმოა, რომ ელექტრომობილების გაყიდვით მიღებული მოგების მარჟა 32.9%-დან 27.9%-მდეა შემცირებული, რაც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასთან და მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ ინფლაციასთანაა დაკავშირებული.
დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს – Tesla-ს აქციების ღირებულება 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის ოფიციალურად გახსნამდე აქციების ფასი 1.45%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კრიპტობირჟას, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ კრიპტოაქტივებში ინვესტიციის შემცირება ტრეიდერებმა უარყოფილად მიიღეს, გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასი 3.6%-ით 22,700-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა.