1-ლი აგვისტოდან კომპანია, Coca-Cola გამაგრილებელი სასმელის, Sprite-ის ბოთლებში მწვანე პლასტმასის გამოყენებას მთლიანად შეწყვეტს და მას გამჭვირვალე პლასტმასით ჩაანაცვლებს, რაც ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია. ინფორმაციას CNN Business კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, პლასტმასი, რომელსაც Coca-Cola ამჟამად იყენებს, საღებავის გამო მწვანე პოლიეთილენტერეფტალატის დანამატს შეიცავს. ამ საღებავის გამო Sprite-ის ბოთლების სხვა გამჭვირვალე შესაფუთ საშუალებებთან ერთად ხელახალი გამოყენებისთვის გადამუშავება არ შეიძლება, რადგან ის ყველა ნედლეულს მწვანედ შეაფერადებს. გამჭვირვალე პლასტმასზე გადასვლა მწარმოებელს დაეხმარება, გადამუშავება გააადვილოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ნარჩენები შეამციროს.
Coca-Cola-ს მეორადი გამოყენებისა და გადამუშავების საკითხებზე მომუშავე კომპანია R3CYCLE-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯულიან ოჩოა აცხადებს, რომ „ბოთლებისგან საღებავების მოცილება გადამუშავებული მასალის ხარისხს გააუმჯობესებს.“
„Sprite-ის გამჭვირვალე შეფუთვის გადამუშავება შესაძლებელი გახდება, რაც პლასტმასის გამოყენების ჩაკეტილი წრიული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს,“ – აცხადებს ჯულიან ოჩოა.
კომპანიამ, ასევე, Sprite-ის ბოთლების ლოგო და დიზაინი განაახლა. საფირმო მწვანე ელფერი გაზიანი სამელის ეტიკეტებზე დარჩება.
ეს Sprite-ის შეფუთვაში 1961 წლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.