Home მსოფლიო Rolls-Royce-მა და easyJet-მა წყალბადზე მომუშავე პირველი ავიაძრავა გამოსცადეს

Rolls-Royce-მა და easyJet-მა წყალბადზე მომუშავე პირველი ავიაძრავა გამოსცადეს

Rolls-Royce მსოფლიოში პირველი კომპანი გახდა, რომელმაც წყალბადზე მომუშავე თანამედროვე საავიაციო ძრავა წარმატებით გამოსცადა. ძრავა ავიაკომპანია easyJet-თან პარტნიორობით დაიტესტა. Rolls-Royce-ის პრესრელიზს Forbes ავრცელებს.

წყალბადის გამოყენებით პირველი სახმელეთო გამოცდები ბრიტანულ ავიაბაზა ბოსკომბ-დაუნზე ჩატარდა. ბაზას წყალბადი ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრმა (EMEC) მიაწოდა, ხოლო ტესტირებისთვის Rolls-Royce-მა და easyJet-მა გადაკეთებული საავიაციო ძრავა, AE 2100-A აირჩიეს, რომელიც რეგიონულ თვითმფრინავებში მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.

Rolls-Royce-ის განცხადებით, კომპანიის მთავარი მიზანია, დაამტკიცოს, რომ წყალბადის საწვავის გამოყენებით შესაძლებელია სამოქალაქო თვითმფრინავების ძრავების უსაფრთხო და ეფექტური მუშაობა. easyJet-ის აღმასრულებელი დირექტორი, იოჰან ლუნდგრენი ამბობს, რომ კომპანია მზად არის, კვლევა განაგრძოს და საჰაერო ტესტების სერიაც დაგეგმოს. მომავალში Rolls-Royce და easyJet ბიზნესჯეტ Rolls-Royce Pearl 15-ის რეაქტიული ძრავის გამოცდას აპირებენ.

Rolls-Royce და easyJet გაეროს მიერ მხარდაჭერილი გლობალური პროგრამის, Race to Zero-ს ფარგლებში პარტნიორობენ, რასაც ორივე კომპანია შეუერთდა. Race to Zero 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ისახავს მიზნად.