მიუჩია პრადამ ბრენდის – Prada-ს მართის სადავეები ხელში 1977 წელს აიღო და უნიკალურად განავითარა. სწორედ მისი დამსახურებით იქცა მოდის ბრენდი მრავალ მილიარდ დოლარიან მოდის იმპერიად.
მიუჩია პრადა, იგივე მარია ბიანჩი, არის იტალიელი მილიარდერი, დიზაინერი და ძვირად ღირებული ტყავის ნაწარმის ბრენდის Prada-ს აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანიის ისტორია 1913 წელს დაიწყო, როდესაც მარიო პრადამ და მისმა ძმამ – ჯუზეპემ გახსნეს ტყავის პირველი მაღაზია მილანში. მათი ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა და ისინი მალე სამეფო სახლის Savoy-ს მიმწოდებლები გახდნენ.
ძმების ბუტიკი და ბიზნესი გადაურჩა ორივე მსოფლიო ომს, რაც 1958 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიუჩია პრადას დედამ, ლუიზა პრადამ.
1977 წლიდან კი ბრენდმა მასშტაბური განვითარება დაიწყო.
მიუჩია პრადა 1949 წლის 10 მაისს მილანში, Prada-ს მემკვიდრის, ლუიზა პრადას და ბიზნესმენის, ლუიჯი ბიანკის ოჯახში დაიბადა.
მარიამ (მიუჩია) Liceo Classico Berchet-ის საშუალო სკოლა დაამთავრა. დოქტორის ხარისხი კი მილანის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების განხრით მიიღო. სტუდენტობისას ის შეუერთდა იტალიის კომუნისტურ პარტიას, ხშირად არიგებდა ფლაერებს მიტინგებზე. დაახლოებით ხუთი წელი კი მილანის თეატრ პიკოლოში, პანტომიმას სწავლობდა.
21 წლის ასაკში მიუჩიამ მუშაობა დაიწყო კომპანია Prada-ში. სწორედ იქ მუშაობისას გაიცნო მისი მომავალი ქმარი – პატრიციო ბერტელი, რომელიც ფლობდა ტყავის ნაწარმის კომპანიას. მათ ერთად დაინახეს Prada-ს პოტენციალი და გეგმავდნენ ბრენდის გაფართოებას. პატრიციო ზრუნავდა ბიზნეს მხარეზე, ხოლო მიუჩია დიზაინზე.
1978 წელს ახალგაზრდა მიუჩიას კომპანია მემკვიდრეობით ერგო და ქმართან ერთად დაიწყო გეგმების განხორციელება.
Prada-ს აღზევება
როდესაც მოუჩია პრადამ დაიწყო მართვა, Prada იყო მხოლოდ მცირე ბიზნესი – მხოლოდ ერთი ბუტიკით. მაშინ არავის ეგონა, რომ რევოლუცია კომპანიის მთელ ტრაექტორიას შეცვლიდა… მან დაიწყო ბიზნესის გაახალგაზრდავება. ერთ-ერთი პირველი კონცეფცია იყო არა ბრენდირებული ჩანთების ხაზის შექმნა, იმდროინდელი უჩვეულო Pocono ნეილონის ქსოვილის გამოყენებით, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა სამხედრო კარვების შესაქმნელად. ხაზი, რომელიც დაინერგა 1979 წელს, არ სარგებლობდა მყისიერი პოპულარობით.
1983 წლიდან დაწყებული ახალი მაღაზიებით და 1984 წელს, ფეხსაცმლის ხაზის დანერგვით, მიუჩიამ დაიწყო ბიზნესის გაფართოება საერთაშორისო დონეზე. 1985 წელს მან ხელახლა წარადგინა Pocono-ს ჩანთების ხაზი, გადააკეთა იგი ოქროს ჯაჭვის თასმით და სამკუთხა ლოგოთი, რომელიც საბოლოოდ გახდებოდა კომპანიის სავაჭრო ნიშანი. Pocono-ს ჩანთების გაყიდვები გაიზარდა უფრო ძვირად ღირებული ტყავის შანელის ჩანთებთან მათი მსგავსების გამო, მალევე გახდა პოპულარული ელიტარულ კლასში. როგორც Britannica წერს, ცნობილმა მოდელმა და მსახიობმა ჯერი ჰოლმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო Prada-ს პროდუქტების გამოყენება.
მიუჩია 1987 წელს დაქორწინდა პატრიციოზე. მომდევნო წელს კი მისი დებიუტი შედგა პირველი მზა ტანსაცმლის ხაზით, რომელიც მოიცავდა ნეილონის ქსოვილს.
ბრენდის ზრდა 1990-იანი წლების დასაწყისშიც გაგრძელდა. უკვე ლეგენდარულმა დიზაინერმა შემოიტანა პარფიუმერიის ხაზი და სხვადასხვა ტანსაცმლის ხაზები, მათ შორის ბიუჯეტისთვის მომგებიანი Miu Miu.
1995 წელს ჰოლივუდის გამოჩენილმა მსახიობმა უმა თურმანმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე Prada-ს ერთ-ერთი კაბა ჩაიცვა, რამაც ბრენდს საერთაშორისო სტატუსის მიღწევაში დაეხმარა.
ჰოლდინგი კომპანია Prada Group-ისთვის, ჩამოყალიბდა 1996 წელს Prada-სა და Bertelli-ის ოპერაციების გაერთიანებით. ბერტელი მსახურობდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და 2014 წლიდან მან ეს როლი მეუღლესთან ერთად გაიზიარა. Prada Sport, პრადას სპორტული ტანსაცმლის განყოფილება, პირველად დაინერგა 1997 წელს და მოგვიანებით დაარქვეს Linea Rossa/Red Line.
პრადა ჯგუფი გადაკეთდა მრავალმილიარდ დოლარიან მოდის “ბეჰემოთად“. 2000 წელს მიუჩიამ შემოიტანა კოსმეტიკური საშუალებების ხაზი და 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის Prada-ს წლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2017 წელს Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მიუჩია მსოფლიოს 100 ყველაზე ძლევამოსილ ქალს შორის მოხვდა. ამჟამად Prada არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოდის ბრენდი, წლიური წმინდა გაყიდვებით დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარით.