Home მსოფლიო Porsche-მ კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო და ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახდა

Porsche-მ კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო და ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახდა

ლეგენდარული გერმანული ბრენდი Porsche ამჟამად ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი კომპანიაა. დღეს Porsche-მ საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო.

Porsche-ს საბაზრო ღირებულება ამჟამად 82 მილიარდ დოლარს შეადგენს, Volkswagen-ის კი – 78 მილიარდ დოლარს.

საგულისხმოა, რომ Porsche თავად Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, თუმცა გასულ კვირას გერმანული კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, ინვესტორების დაინტერესებამ Porsche-ს მიმართ მკვეთრად მოიმატა, რამაც მისი კაპიტალიზაციის ზრდა გამოიწვია.

ამჟამად გლობალური რეიტინგის სათავეში $749-მილიარდიანი შეფასებით ამერიკული Tesla-ა; მეორე ადგილს $188-მილიარდიანი კაპიტალიზაციით იაპონური Toyota იკავებს; მესამეზე კი Porsche-ა $82-მილიარდიანი შეფასებით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებლების რეიტინგი:

1. Tesla – $749 მლრდ;
2. Toyota – $188 მლრდ;
3. Porsche – $82 მლრდ;
4. Volkswagen – $78 მლრდ;
5. Mercedes-Benz – $57 მლრდ;
6. General Motors – $51 მლრდ;
7. Ford – $50 მლრდ;
8. BMW -$47 მლრდ;
9. Stellantis – $40 მლრდ;
10. Honda – $38 მლრდ.

ცნობისთვის, Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად ითვლება, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.

გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.