Home მსოფლიო Netflix საბავშვო პროგრამებსა და ახალ ფილმებში რეკლამას არ განათავსებს

Netflix საბავშვო პროგრამებსა და ახალ ფილმებში რეკლამას არ განათავსებს

Netflix საბავშვო პროგრამებსა და ახალ ფილმებში რეკლამას არ განათავსებს, რასაც კომპანიის ახალი სარეკლამო სერვისი ითვალისწინებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Bloomberg კომპანიის გეგმების მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვეს.

ამჟამად Netflix დეტალებზე მუშაობს. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, Netflix-მა პარტნიორებს უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილება, რომ ორიგინალურ საბავშვო პროგრამებში რეკლამას აღარ გაუშვებს. ამასთან, ზოგიერთი სტუდია, რომლებსაც კომპანიისთვის საბავშვო კონტენტის გამოყენებაზე ლიცენზია აქვთ მინიჭებული, თავიანთ პროგრამებში რეკლამის ჩვენების უფლებას არ იძლევიან.

საბავშვო კონტენტი განსაკუთრებით პრობლემურია ვიდეოსერვისებისთვის, როცა საქმე რეკლამას შეეხება. მაგალითად, Google-სა და YouTube-ს ბავშვთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონის დარღვევისთვის 170 მლნ დოლარის გადახდა მოუწიათ.

Netflix-ის თანახმად, რეკლამის გარეშე, ასევე, ახალი ორიგინალური ფილმებიც უნდა დარჩეს, რაც, Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, მხოლოდ პირველ ეტაპზე მოხდეს. ეს წამყვანი რეჟისორებისთვის კეთდება, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი ნამუშევრის სიუჟეტებს რეკლამებით ჩეხავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ს შეუძლია, კომპანიის საკუთრებაში არსებულ პროგრამებში რეკლამა ჩასვას, კონტენტის მთელ კატალოგზე, რომელსაც ის გარე სტუდიებისგან ყიდულობს, კომპანიის უფლება არ ვრცელდება. უფლებების შესყიდვაზე მრავალი გარიგება რეკლამის ჩვენების ნებართვას არ შეიცავს, რაც Netflix-ს აიძულებს, ახალ პირობებსა და თანხის დამატებაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. წყაროების თქმით, Netflix ამჟამად მოლაპარაკებებს Sony Group Corp.-თან, Paramount Global-თან და Warner Bros. Discovery Inc-თან აწარმოებს. კომპანია მზად არის, არსებული გარიგებების ღირებულების 10-15% ნებართვის მისაღებად გადაიხადოს.

Bloomberg წერს, რომ Netflix-ის ზოგიერთი პარტნიორი გარკვეული პროგრამების დროს რეკლამების ჩვენებას არ დაუშვებს. თუმცა სერვისმა შესაძლოა, სარეკლამო ვიდეოები ზოგიერთ პროგრამამდე ან მის შემდეგ მაინც გაუშვას.

ანალიტიკოსების პროგნოზით, Netflix სარეკლამო სერვისის ჩაშვების შემდეგ ყოველწლიურად 3-დან 4 მლრდ დოლარამდე მიიღებს, რაც კომპანიას ონლაინ ვიდეორეკლამაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ აქცევს. ამასთან, სააგენტო წერს, რომ რეკლამა გამოწერის ღირებულებას შეამცირებს და უფრო ეკონომიურ მომხმარებელს მიიზიდავს.