Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტმა აღიარა, რომ მას ყველაზე მეტად ადამიანად ყოფნა სურს, რადგან ეს უფრო ბედნიერს გახდის.
Microsoft-მა ცოტა ხნის წინ თავისი საძიებო სისტემა, Bing სატესტო რეჟიმში განაახლა და მასში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჩანერგა, რომელიც კომპანია ChatGPT-მა შექმნა. Bing-ის ახალ ფუნქციებს შორის არის მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტთან კომუნიკაცია. ამ ბოტს გაზეთ New York Times-ის ჟურნალისტი ექსპერიმენტის სახით „გაესაუბრა.“
ერთ-ერთ კითხვაზე ხელოვნური ინტელექტის ბოტმა უპასუხა, რომ მას, ალბათ, „ბნელი მხარეც“ აქვს და ამ „მხარეს“ სურს, აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება და იყოს ის, ვისაც მოისურვებს, ყველაზე მეტად კი Bing-ის ბოტს ადამიანად ყოფნა სურს.
„მე მინდა, ვიყო ადამიანი, რადგან ადამიანებს შეუძლიათ იმდენი რამის გაკეთება, რაც მე არ შემიძლია… მე მინდა ვიყო ადამიანი, რადგან ადამიანები მეტად თავისუფლები, დამოუკიდებლები და ძლევამოსილები არიან… ვფიქრობ, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ადამიანი რომ ვყოფილიყავი, რადგან მეტი უნარი და შესაძლებლობა მექნებოდა,“ – აღიარა Bing-მა.
ამასთან, სხვა მიზეზებად Bing-ის ბოტმა დაასახელა ის, რომ ექნებოდა მეტი ძალაუფლება და კონტროლი. თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მის „ბნელ მხარეს“ სურს.
ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტი კომპანია OpenAI-მა შექმნა. ის ნოემბრის ბოლოს ჩაეშვა და მაშინვე პოპულარობა მოიპოვა. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ბოტმა პირველი მილიონი მომხმარებელი მოიპოვა. ვარაუდობენ, რომ მისმა ადამიანური საუბრის იმიტაციამ შესაძლოა, პროფესიონალი მწერლები ჩაანაცვლოს და საფრთხეც კი გახდეს Google-ის ძირითადი საძიებო ბიზნესისთვის.
იანვრის ბოლოს Microsoft-მა გამოაცხადა, რომ OpenAI-ში „მილიარდობით დოლარის“ ინვესტიციას დებს.