Home დღის ამბები Facebook-ი Zoom-თან “ომს” იწყებს – სოცქსელმა 50-კაციანი ვიდეოკონფერენციის ფუნქცია წარადგინა

Facebook-ი Zoom-თან “ომს” იწყებს – სოცქსელმა 50-კაციანი ვიდეოკონფერენციის ფუნქცია წარადგინა

Facebook-ი ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის მიხედვითაც საერთო ვიდეო ზარის განხორციელება 50-მდე ადამიანს შეუძლია. ამ გადაწყვეტილებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი კონკურენციას უწევს აპლიკაცია Zoom-ს და Houseparty-ს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი შეიძინეს.

Facebook-ის ახალი გადაწვეტილებით, Messenger Rooms-ში შესაძლებელი ხდება 50-მდე ადამიანის მოწვევა, და ვიდეო კონფერენციის გამართვა შეუზღუდავი დროით. კონფერენციაში შესაძლებელია ასევე იმ ადამიანების მოწვევაც, რომლებსაც არ აქვს Facebook-ის ანგარიში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფუნქციის დატესტვა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი მისი გამოყენება.

ახალი ფუნქციის მიხედვით, ადამიანი, რომელიც უმასპინძლებს შეხვედრას, აკონტროლებს ვინ დაემატება ვირტუალური შეხვედრების ოთახს.

შეგახსენებთ, Zoom-ი, რომელსაც აქტიურად იყენებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ონლაინ შეხვედრების, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისთვის, ვიდეო კონფერენციაში 100 ადამიანის ჩართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ამ აპლიკაციას შეზღუდვა აქვს დროზე. კერძოდ, 40 წუთია ლიმიტი უფასო ანგარიშით, ხოლო თუ უფრო მეტი დროით სჭირდება მომხარებელს ვიდეო შეხვედრის ჩატარება, მაშინ ამაში გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს.

Zoom-ის მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადა. მათი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი 10 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, Facebook-ის ბოლო განცხადების შემდეგ, Zoom-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით დაეცა.