ევროპაში მომავალ ზამთარს ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება. ასეთ პროგნოზს ევროკავშირის მეტეოროლოგიური სამსახური, Copernicus აკეთებს, რასაც Bloomberg-ი ავრცელებს.
Copernicus-ის თანახმად, ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში ტემპერატურა საშუალო ისტორიულ დონეს ასცდება. ევროკავშირის მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, არსებობს 50%-დან 60%-მდე შანსი, რომ დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთრის ტემპერატურა ისტორიულ ნორმას ბევრად აღემატებოდეს. ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ტერიტორიების აბსოლუტურ უმრავლესობას 40%-დან 50%-მდე ალბათობით მომდევნო სამი თვის განმავლობაში საშუალოზე დაბალი ნალექი მოელის. ამან შესაძლოა, შიდა მდინარის ტრანსპორტზე და ჰიდროენერგეტიკაზე, ასევე, სათხილამურო სეზონზე გავლენა იქონიოს.
რაც შეეხება გლობალურ სურათს, Copernicus-ის 60-70%-მდე ალბათობით, აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილზე, ისევე, როგორც ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის უმეტეს ტერიტორიაზე ზამთრის ტემპერატურა ნორმას მნიშვნელოვნად ასცდება.
Bloomberg-ის შეფასებით, ევროპაში ზამთრის არანორმალურად მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შეამციროს და მისი მარაგი, 2023 წლის ცივი დასაწყისის შემთხვევაშიც კი, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისი იყოს.
პროექტ Copernicus-ში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და აშშ-ის მეცნიერები მონაწილეობენ. ის კლიმატის პროგნოზს მსოფლიო თანამგზავრების, გემების, თვითმფრინავებისა და ამინდის სადგურების მრავალრიცხოვანი განზომილების საფუძველზე ადგენს.
ახლახან, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურმა განაცხადა, რომ წლევანდელი ოქტომბერი დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე თბილი იყო ევროპაში.