მსოფლიოს პრემიუმ კლასის ავტომობილების ბაზარზე მთავარმა მოთამაშეებმა გერმანულმა „დუეტმა“ BMW-მ და Mercedes-Benz-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
კომპანიების ოფიციალური ცნობით, მათი გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, ამის მიზეზად კი ორივე კომპანია მაკომპლექტებლებზე დეფიციტს აცხადებს.
უფრო კონკრეტულად კი, BMW-ს გაყიდვებმა 1 016 541 ერთეული შეადგინა, რაც 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის პირველ ნახევარზე. ამასთან, BMW Group-ის გაყიდვებმა ჯამში 1 160 443-ს მიაღწია, რაც ასევე 13,7%-იანი კლებაა. თუმცა, ამ მონაკვეთში კონცერნმა მოახერხა BMW და MINI-ს 75 891 ელექტრომობილის რეალიზება.
რაც შეეხება კონკურენტ შტუტგარტულ კომპანიას, Mercedes-Benz-ის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა 985 200 შეადგინა, ეს კი 15%-იანი კლებაა. ამასთან, მთელი 134%-ით მეტი ელექტროფიცირებული ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რომელთა რაოდენობამ 45 400 შეადგინა. ოფიციალური ცნობით, კომპანიამ ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა წამყვანი მდიდრული მოდელების გაყიდვები. საუბარია, სუბ-ბრენდ Mercedes-Maybach-ზე. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 21 700 ფლაგმანი S-Class გაყიდა.