კომპანია Meta პირველად ისტორიაში შესაძლოა, ობლიგაციების ბაზარზე გავიდეს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Meta-მ ბანკებს, JPMorgan Chase & Co-ს, Morgan Stanley-ს, Barclays Plc-სა და Bank of America Corp-ს ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტთა ინვესტორებთან შეხვედრების სერიის ორგანიზება სთხოვა. ამ შეხვედრების შედეგად Meta-მ შესაძლოა, ბაზარზე პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალი განათავსოს.
მანამდე, 3 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Meta-ს „AA-“ რეიტინგი, Moody’s-მა კი „A1“ რეიტინგი მიანიჭა.
Bloomberg Intelligence-ის უფროსი საკრედიტო ანალიტიკოსი, რობერტ შიფმანი ვარაუდობს, რომ Meta-მ შესაძლოა, 10 მლრდ დოლარზე მეტი ობლიგაციები გამოუშვას. თუმცა Bloomberg 50 მლრდ დოლარამდე ობლიგაციების გამოშვებას პროგნოზირებს.
სააგენტოს მონაცემებით, Meta-ს აქციები წლის დასაწყისიდან ეცემა: თებერვალში ისინი ერთბაშად 20%-ზე მეტად დაეცა და სხვა სოციალური ქსელების აქციებიც თან გაიყოლა. მოგვიანებით, ვარდნა უფრო გააქტიურდა და Meta-მ საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში აქციების 25%-ით დაცემის მხრივ რეკორდი დაამყარა. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან Meta-ს აქციები, TikTok-ის გაზრდილი კონკურენციის ფონზე, 52%-ით დაეცა. ამას თან ერთვის ინვესტორების ეკონომიკური შეშფოთება, რომლებსაც, Bloomberg-ის შეფასებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მეტავერსის განვითარებისკენ გადახვევის ეშინიათ.
გუშინ საღამოს, 22:00 საათისთვის Meta-ს ერთი აქციის ფასმა 5,04%-ით, 8,07 დოლარით მოიმატა და 168,26 დოლარი გახდა.