ამერიკულმა Mattel-მა, რომელიც, ასევე, Barbie-ის თოჯინებსა და Hot Wheels-ის მინიატურულ სარბოლო მანქანებს აწარმოებს, ილონ მასკის კოსმოსურ კომპანია SpaceX-თან ბავშვთა სათამაშოების დამზადებაზე მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ კომპანიამ პრესრელიზი ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
SpaceX-ზე პირველი საბავშვო კოლექციის გამოშვება 2023 წელს იგეგმება. Mattel-ში აცხადებენ, რომ ეს იქნება როგორც საბავშვო, ისე საკოლექციო სათამაშოები.
კოსმოსური თემატიკით ინსპირირებული საკოლექციო სათამაშოები Mattel Creations-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
„რაკი კოსმოსის ათვისების ინდუსტრია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ SpaceX-თან თანამშრომლობით თითოეულ ბავშვს დავეხმარებით, თამაშის საშუალებით კოსმოსის მკვლევარი გახდეს“, – აცხადებენ Mattel-ში.
ეს Mattel-ისა და მილიარდერ ილონ მასკის კომპანიის პარტნიორობის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, 2020 წელს მწარმოებელმა დისტანციური მართვის მანქანების სერია გამოუშვა, რომელიც Tesla Cybertruck-ის მოდელებზე იყო დაფუძნებული.