Home მსოფლიო Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $200 მილიარდით გაიზარდა

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $200 მილიარდით გაიზარდა

გასული კვირა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიისთვის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა, კერძოდ, Apple-ის აქციების ღირებულება 9.1%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი თითქმის 200 მილიარდი დოლარით მოიმატა.

ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ 381 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიად აქცევს, მასთან ყველაზე ახლოს $2-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით არაბული ენერგოგიგანტი Saudi Aramco-ა.

გასულ კვირას Apple-ის აქციების მკვეთრი ზრდა არა უშუალოდ კომპანიის წარმატებასთან, არამედ ზოგადი საფონდო ბირჟების აღმასვლასთან და ინვესტორების მოლოდინების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

საქმე ისაა, რომ აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად, 7.7%-იან ნიშნულამდე შემცირდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.3%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.5%-ისა.

ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა.

ზოგადად, კომპანიების აქციების, კრიპტოაქტივების, უძრავი ქონებისა თუ სხვა ტიპის აქტივების აღმასვლა პირდაპირაა დამოკიდებული FED-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო აქტივებში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ და მაქსიმალურად ცდილობენ არა ქონების ზრდას, არამედ მის შენარჩუნებას.