ამერიკული კორპორაცია Amazon აპირებს, მიმდინარე წელს აამოქმედოს ამანათების დრონებით მიწოდების სერვისი. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია საკუთარ საიტზე გაავრცელა.
„ჩვენს გუნდში, რომელთა შემადგენლობაში არიან ასობით სწავლული, ინჟინერი, აეროკოსმოსური სფეროს სპეციალისტები და ფუტუროლოგები, აქტიურად მუშაობენ დრონებით ამანათების მიწოდების სერვისზე. ახლა კი წლის ბოლომდე კალიფორნიის ქალაქ ლოკფორდში მცხოვრებნი გახდებიან პირველები, ვინც დრონების სერვისით Prime Air-ით ისარგებლებენ“, – წერია განცხადებაში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ლოკფორდი შემთხვევით არ არის შერჩეული, ეს ქალაქი არის ისტორიულად დაკავშირებული ავიაციასთან, სწორედ ამ ქალაქში დაიბადა ერთ-ერთი ავიამშენებელი – უელდონ კუკი.
„2022 წლიდან ამ პატარა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლები შეძლებენ ათასობით პროდუქტის დრონების საშუალებით მიღებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
Los Angeles Times-ის ცნობით კი, აღნიშნული სერვისი ასევე ამოქმედდება აკამპოში და ლოდაიში. ორივე მათგანი კალიფორნიაშია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დრონების დახმარებით მოხდება მაქსიმუმ 2,2 კგ წონის პროდუქციის მიწოდება. დრონი მიფრინდება დანიშნულების ადგილამდე, ნაყიდ საქონელს ეზოში მიაწვდის და იქ დატოვებს.