დღის ამბებიერთი დღე

ფიქრია ყუშიტაშვილის ერთი დღე

ფიქრია ყუშიტაშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.


შემოთავაზება მივიღე, დავწერო ჩემი ერთი დღის შესახებ… დიდად არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე წინადადება , რადგან ეს ჩემთვისაც საინტერესოა- გვერდიდან შევხედო საკუთარ ცხოვრებას, საქმიანობას, ყოველდღიურობას მოწმის, მეთვალყურის, გულშემატკივრის, ადვოკატის, მბრალმდებელის, უბრალოდ, ჟამთაღმწერლის სტატუსით – სახალისოა, თვალი გავადევნო ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომლის არჩევანიც ჩემზეა, რომელს გამოვარჩევ, რომელს ვამჯობინებ, თუმცა სარჩევ-საძიებელი ბევრი არაფერია – რაც უფრო მეტად ჩავუკირკიტდები, უფრო გამიჭირდება, სჯობს უბრალოდ ავიღო ერთი კალენდარული დღე, თუნდაც 17 ივლისი…ყველა დღე მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავს და არც ჰგავს, მით უფრო , საჯარო სამსახურში …მძულს, როცა დღეები გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან ერთმანეთს, როცა ინერციის ნაკადი მიმაქანებს თავდაღმართში, ან იქნებ სულაც არ არის თავდაღმართი და სწორი ლანდშაფტია, და მაინც,მჯერა, ინერცია აღმართში ვერ აგიყვანს, იქ სხვა ძალისხმევაა საჭირო… მოკლედ, მე მიყვარს, როცა თავად ვმართავ ჩემს რუტინას და ეხლა არავინ შემეკამათოს , რომ ცხოვრება, ძირითადად და ტრადიციულად, რუტინა არ არის …

დილა 7-ის ნახევარზე მაღვიძარას მელოდიით იწყება და რადგან ზაფხულია, ნადიკვრიდან ამოსული მზის სხივი მძლავრად ურტყამს ჩემი საძინებლის სარკმელს და კარგ დარს მპირდება … მერე, უკვე გაღვიძებულს, ჯერ არ გაბრდღვიალებული მზის ფონზე კონტრაჟურში მყოფი კავკასიონის „კარდიოგრამა“ ადგილზე მაშეშებს სილამაზითა და დიდებულებით და კიდევ ერთხელ შემახსენებს, თუ რა არის მარადიული და რა სასაცილო და უმნიშვნელოა სხვა ყველაფერი მის სიდიადესთან შედარებით … მერე ჩვეულებრივი სააბაზანო პროცედურები, დილის ლოცვა სანთელ-საკმევლის სურნელის ფონზე და გრძელი სია ახლობლებისა, რომელთაც ამ ლოცვაში მოვიხსენიებ… ეს ჩემი საყვარელი და ინტიმური რიტუალია, რომელიც ჰაერივით მჭირდება , ისევე როგორც შინიდან გასვლისას „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნებისმიერი სტროფის გადაკითხვა … გიცდიათ? – სცადეთ და დარწმუნდით, რომ სულ სხვა ენერგეტიკით დაიწყებთ დილას , რომელიც საღამომდე ჯერ ათას განსცდელსა თუ თავგადასავლს განგიმზადებთ და მერე წარმატებით დაგაძლევინებთ … ლოცვას დილის რიტუალური საუზმე მოსდევს სავალდებულო ერთი მოხარშული კვერცხითა და მედიკამენტების შთამბეჭდავი მენიუთი, რომელსაც ათი წელია ერთგულად და მორჩილად ვიღებ კარდეოლოგიური შეტევის საპასუხო პრევენციად და , რასაკვირველია, „ცისფერი ყუთიდან“ გადმოღვრილი დილის საინფორმაციო ნაკადი, რომელიც სხვადასხვა პოლიტნიუსებთან ერთად სხვადსახვა ამბებზეც მეჭორავება…

და სანამ სახლის კარს გამოვიხურავდე, მცენარეებს უნდა მივესალმო : ჯერ ვან გოგის „ზამბახებს“ ფრანგულ გობელენზე დაქსოვილებს და მერე ნამდვილებს – ჩემს პატარა ეზოში თიხის ქოთნებში რომ იწონებენ თავს და ცდილობენ, კომპლიმენტი დამტყუონ … მე ხომ ჩემი ქმრის ინიციატივითა და სურვილით 150-ზე მეტი ქოთნის ყვავილს ვუვლი და ყველას აოცებს, როგორ ვასწრებ სამსახურებრივად დატვირთული საჯარო მოხელე და სტუმართმრავლიანი ოჯახის დიასახლისი დამატებით ამდენი მცენარის მოვლას : პასუხი მარტივია- მთავარი -კეთილი ნებაა- გინდა? -მოასწრებ!

საჯარო მოხელის ცხოვრებით მეექვსე წელია ვცხოვრობ და რადგან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მქვია, ჩემი ყოვედღიურობა არის გაუთავებელი პრემიერები, გამოფენები, კონცერტები, საღამოები, ტურნირები, ჩემპიონატები, ფესტივალები, თათბირები, ბრიფინგები, ტრენინგები, მიღებები, გაცილებები, ბანკეტები… არა, ვტყუი, ღონისძიებებს ვერთგულებ, აი ბანკეტებს კი თავს ვარიდებ , მაქსიმალურად ვცდილობ, თუ შანსი მაქვს, არ დავესწრო, რადგან ჩემთვის ეს ყველზე მძიმე განსაცდელია… ნელ-ნელა ყველა მივაჩვიე, რომ ამაოდ მეპატიჟებიან… 17 ივლისია … სამუშაო დღე რთულად იწყება, რადგან სამსახურში კომპიუტერული განახლება განახორციელეს და ჩემმა ღვაწლმოსილმა და ბედკრულმა კომპმა ვერ გადაიტანა „ახალ მოდნის“ „ვინდოუს-პროგრამა“ და ფაქიზოსავით გაიშოტა … დილიდან ვცდილობ გონში ჩავაგდო, მაგრამ ჩემი ტექნოლოგიური კომპეტენცია არ ყოფნის ამ საქმეს და მაშველებს ვიხმობ …ამასობაში საკუთარი პრობლემებით დატვირთული ვიზიტორები მელიან, მათაც უნდა გავცე პასუხი საჯარო მოხელისათვის სავალდებულო თმენის ვალდებულებით , არაერთი პარალელური სატელეფონო ზარი და შეტყობინებაა განსახორციელებელი , საქმე საქმედ, საქმე ოხერია -ბოლო არ აქვს და შინაურებიც ხომ უნდა მოვიკითხო – ოჯახობა მიმოფანტულია- ვანო უკრაინაშია გადაღებაზე და დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ვეხმიანებით ერთმანეთს , ერეკლე ყირგიზეთშია, ისიკ-ყულის ტბაზე პროექტის ფარგლებში და მასაც უნდა მივწერო და მოვიკითხო, როგორ მიდის საქმე, თამთას თბილისის ხვატი სწვავს, ახალი სამსახურის ძიებაში გასაუბრებაზე გასლა უწევს და ვღელავ , როგორ ჩაივლის ეს ამბავი, ბავშვებიც უნდა მოვიკითხო , საბავშვო ბაღის ABC-ის „ფეისბუკ-“გვერდზე უნდა შევიდე და ვნახო, ხომ არ დაპოსტეს იოს ან ლენკას ახალი ფოტო , რომ დაუყოვნებლივ გავიზიარო …

სიურპრიზად ლენკას ჯგუფის ალბომი მხვდება და მახარებს …

კიდევ რამდენიმე მეგობარსაც ვეხმიანები, რომელთა არსებობა ჟანგბადია გაიშვიათებულ ატმოსფეროში … დროებით ვწყდები სამსახურებრივ რუტინას, მაგრამ ნურას უკაცრავად – „ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?“ – ახალი მოხსენებითი ბარათია გასამზადებელი , ახალგაზრდული ბანაკი არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიდის გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ და საორგანიზაციო საკითხებია დასალაგებელი, ნადიკვრის პარკში სულაკაურის წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსა“წიგნის გამოფენა-გაყიდვას აწყობს ფასდაკლებით და აუცილებლად უნდა მივიდე , საღამოს კი ამერიკული ნატიფი ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში საზაფხულო მუსიკალური კურსების საზეიმო დახურვაა და მონაწილეთათვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი მიწევს … ამერიკელი და რუსი შემსრულებლების ძალიან საინტერესო ჯგუფია ჩამოსული, მათ ქართველი პედაგოგები და მოსწავლეებიც შეუერთდნენ და ოთხი შესანიშნავი კონცერტი გამართეს საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულთათვის … ერთი 17 წლის რუსი ყმაწვილი გამორჩეულია – ვალენტინ მალინინი… დაიხსომეთ ეს სახელი, თუ სწორად წარმართა საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა, ახალ ფურცელს გადაშლის მსოფლიო საფორტეპიანო მუსიკის ხელოვნებაში …

გამოფენაზე მივედი, თუმცა ახალი წიგნი არ შემიძენია, მიუხედავად სერიოზული ფასდაკლებისა … კონცერტმაც მშვენივრად ჩაიარა – დასკვნით საღამოზე დუეტები და ანსამბლები შესრულდა- რახმანინოვი, შუბერტი, აზარაშვილი … რეპერტუარი სერიოზულია, შესრულება შესანიშნავი, მიუხედავად იმისა რომ მცირე დროში მოამზადეს კურსანტებმა ოთხ და ექვს ხელში შესასრულებელი პიესები… საზაფხულო კურსები საზეიმოდ დაიხურა და დატოვა ზღვა ემოცია და მცირედი სევდა, რომ სამუსიკო დღესასწაული დასრულდა პატარა ქალაქში , სადაც ჯერაც უყვართ კლასიკური მუსიკა …

დღე ნადიკვრის ქორეოგრაფიულ-ფოლკლორულმა საღამომ დააბოლოვა- რაკი ამფითეატრი სარეაბილიტაციოა, ილიკო სუხიშვილის სახელობის სტუდიელები და „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მომღერლები ბელვედერებზე გადანაწილდნენ და ცეკვა-სიმღერა ხან ერთ მხარეს იქცევდა მაყურებელთა ყურადღებას, ხან მეორე სივრცე ამონათდებოდა, რაზეც თელაველმა ბარდმა ზურა ზაქარიაძემ (პაპამ) სანამ იმღერებდა თანაქალაქელთა გულისგასახარად, მისთვის ჩვეული ხუმრობაც მოაყოლა : ცოტა მოძრავი კონცერტი გამოგვივიდა და მაგრამ ძილის წინ ვარჯიში სასარგებლოაო … ამაზე ერთობ ვიხალისეთ მე და ჩემმა თანამგზავრებმა -შესანიშნავმა თელაველებმა თინა ორკოდაშვილმა და კოტე მირიანაშვილმა, რომელსაც ორი არაჩვეულებრივი ბავშვი -საყვარელი შვილიშვილები ანდრია და მარიამი ახლდა. ჩვენი სამსახურის პიარის ნონა გოგატიშვილის წყალობით პატარა ნადიკვრული ფოტოსესიაც გამოგვივიდა და დაღლილი, მაგრამ მაინც კმაყოფილი, რომ დღემ გეგმის თანახმად და მშვიდობიანად ჩაიარა , თერთმეტისთვის დავბრუნდი შინ ,სადაც კვლავ სავალდებულო რიტუალები მელოდა… მცენარეთა მორწყვით დავიწყე … რაც არ უნდა დაღლილი და მშიერი დავბრუნდე, ჯერ მათ ვუვლი… სხვაგვარად არ შეიძლება… ისინი ხომ ცოცხალი არსებები არიან და ისევე სჭირდებათ ყურადღება როგორც ოჯახს წევრებს … დღის საფინალოდ კვლავ პოლიტიკურ ნიუსებს მოვუსმინე, და გუნება რომ არ გამფუჭებოდა ძილისპირულად კარლო კაჭარავას ბოლო დროს შეძენილი წიგნის რამდენიმე პასაჟი გადავიკითხე …და ახლობლებისადმი გულში ნასურვებ კეთილ ფიქრებს რეფრენად გაჰყვა კარლოს ლექსის რემინესცენციები, როგორც 17 ივლისის ინტელექტუალური ვერდიქტი:
ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია.
ჩვენ კენტავრებს ვგავართ, პატარა მისტიკურ
კლოუნთა მომუწულ ტუჩებს,
წიგნებს, რომელთა პატარა თეთრი გულები ფეთქავს.
ჭარბწარმოება
მითოლოგიზირებული სახელების სახე-ხატების.
კიდევ უფრო მეტად, ვერმოსახილველი სიჭრელე.
კარავი შეკრული ცის ირმებად
იერცვლილი სახე-ხატებისაგან.
და მათ შორის ჩვენი ფატალური ჯანყი-ბოჰემა.
საღამოს ჩამავალი მზისგან გაყვითლებული დანებით,
რომლებითაც იჭრება ჩვენი ნერვიული პური-ფურაჟი.
ცუდი პურის მჭრელთა ერთობა წყევლით
ამოანთხევს უენობას.
განწირულთა არშემდგარი ცხოვრება
არშემდგართა განწირულობით _
ითვლის… ერთი, ორი…

(ერთი, ასი, მილიონი)
შენ არც კომეტა ხარ, არც თოვლი.
მე მძაგს ყველაფერი, რაც მძაგს. _
ეს იყო პატარა ღმერთივით მოხუცი
ძოწისფერ ვიტრინაში ღამით.
ხოლო მის გარშემო დაჰქროდნენ კიდევ უფრო პატარა სათამაშო ანგელოზები.
უზარმაზარ გერმანულ ნაგაზთა თვალებში,
მათ კბილებს შორის კი ნახევრადმშიერთა
ნერვიული პური-ფურაჟი
იარაღის სუნით,
რომელსაც არ სჭამენ მომდევნო თაობათა
კუთვნილის მჭამელნი.
სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი
და შავი მემაღაროენი
ერთი ფერისანი არიან.“

ღამე მშვიდობისა!


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close