ეკონომიკა

„რთველი 2020“-ის ფარგლებში 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

0

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, 15 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 36 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.

„რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის საპროგნოზო რაოდენობა 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც:
შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close