10 ივლისს, სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით კახეთის რეგიონში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, მერის წარმომადგენლები აზერბაიჯანულენოვან თემებში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.
შეხვედრას უძღვებოდა კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი. მისი თქმით, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს არსებული სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული და სხვა სახის პრობლემათა ეფექტურად გადაჭრისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებასთან იმ პროექტებისა და სერვისების პრეზენტაცია გააკეთეს, რომელთაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს.
შეხვედრა აქტიურ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს. აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ძალზე ეფექტურია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.