დღის ამბები

როგორია ატმის წლევანდელი მოსავალი კახეთში

კორონავირუსი ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კახეთში სოფლის მეურნეობას ნაკლებად შეეხო. მოსავლის დაბინავებას და გასაღებას პრობლემა არ შექმნია და ფერმერებიც ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასით კმაყოფილები იყვნენ- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იგივე სურათია ატამთან დაკავშირებითაც. „კარგი მოსავალია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც და ფასი არის ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშან იყო და ამ ფასის ჩამოყალიბებაში მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი იღებს მონაწილეობას და უნდა აღინიშნოს, რომ დღე ფერმერები ღიად აღნიშნავდნენ და არ მალავდნენ კმაყოფილებას ფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება ყველა დასაქმებულ ადამიანზე“ – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის პროექტების გატარების შედეგად, ძალიან ბევრი ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.

„თუ წინა წლებშია შვიდიოდე სამაცივრე მეურნეობა იყო, დღესდღეისობით 20 გამართული სამაცივრე მეურნეობა გვაქვს და 4 საკმაოდ დიდი, თანამედროვე წარმოება, რომლებიც ხილ-ფაფებს, წვენებს აწარმოებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსავალი, არც ერთი კილოგრამი არ დარჩება ჩაუბარებელი“– განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და 1800 ტონამდე ატამია უკვე გატანილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close