დღის ამბები

თელავში წარმოებული წვენი „ალალი“ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში იყიდება

ქართული წვენი „ალალი“ უკვე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში იყიდება. როგორც პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძე აცხადებს,  პირველ ეტაპზე აშშ-ში ექსპორტზე, დაახლოებით, 12 000 ბოთლი „ალალი“ გავიდა.

მალე უკვე მეორე საექსპორტო პარტიის გაგზავნას გეგმავენ. „მეორე პარტიაც მიდის ახლა ლოს-ანჯელესში. სულ 16 000 ბოთლი“, – აღინიშნა გოჩა ღვინეფაძემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საბერძნეთთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და ლიეტუვასთან.

„ალალის“ წვენები საქართველოში, სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელშია წარმოდგენილი. მათ შორის „გუდვილში“, „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ზღაპარსა“ და „ფრესკოში”.

გოჩა ღვინეფაძის თქმით, კომპანია თვეში, დაახლოებით, 50 000-60 000 ბოთლის რეალიზაციას ახდენს.

„აჩინებული“ ამ ეტაპზე ხუთი სახეობის წვენს აწარმოებს:  ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვალისა და ციტრუსის. მალე გამოჩნდება ალუბლის „ალალიც“, ხოლო სამომავლოდ – ბროწეულის.

„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close