დღის ამბებიეკონომიკასაზოგადოება

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 378 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საარსებო მინიმუმის შესახებ განაახლა ინფორმაცია. 2020 წლის მაისში ხუთსულიანი ოჯახისთვის ოფიციალური საარსებო მინიმუმი 377.8 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი აპრილთან შედარებით 19 ლარით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი 1.1 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 189,6 ლარი;
ორსულიანი – 268,7ლარი;
სამსულიანი – 302,2 ლარი;
ოთხსულიანი – 335,8 ლარი;
ხუთსულიანი – 377,8 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი – 446,6 ლარი.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

პური – თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
ლობიო – თვეში 600 გრამი;
ბრინჯი – თვეში 300 გრამი;
მაკარონი – თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი – თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი – თვეში 600 გრამი;
ძეხვი – თვეში 300 გრამი;
კარტოფილი – თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო – თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი – თვეში 750 გრამი
სრული რაციონი იხილეთ ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა.

რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”?

დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს.

2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან?

სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close